ჩემი ძმა არის უდანაშაულო და იმ დანაშაულს არასდროს აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისი აქცია არ არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, მისი მიზანი ოჯახის წევრის დაცვაა.
„რაც შეეხება დისკრედიტაციას, რაშიც დღეს დაგვადანაშაულეს, არა ერთხელ მითქვამს, რომ აქ ჩემი დგომა არ არის ეკლესიის წინააღმდეგ, აქ ჩემი დგომა არის ჩემი ოჯახის წევრის დაცვა. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩემთან პირად საუბრებში მამა ანდრიას არა ერთხელ უთქვამს, რომ მას ჩემი წინააღმდეგი არაფერი აქვს. ის თანამიგრძნობს მე აქ დგომაში. სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ განცხადებას, რომ მე დისკრედიტაციაში მადანაშაულებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება არ იქნება. ეს არის იმ ადამიანების განცხადება, ვინც ე.წ. ციანიდის საქმის უკან დგანან და ვინც დღემდე ცდილობენ, ჩემი ძმის საპყრობილეში გამოკეტვას,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს.