LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცოლის დაქალების სცენების შემდეგ, მეზობლები არ მესალმებოდნენ“ – ეკა დემეტრაძე სტუმრად „ვიზიტორში“

5
page

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, ეკა დემეტრაძე, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

როგორ მოხვდი სცენაზე და თეატრალურში?

როდესაც პატარა ვიყავი, ექიმობა მინდოდა და გამომძიებლობა. ვხატავდი კიდეც, ამიტომ ყველას ეგონა, რომ აკადემიაში ჩავაბარებდი. უცბად გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა, ძალიან მიყვარდა თეატრი, როდესაც შავ-ბნელ 90-იანებში არაფერი მუშაობდა, დედაჩემი მუდამ თეატრში მატარებდა. მშობლებისგან დიდი წინააღმდეგობა არ შემხვედრია, ისინი მუდამ მხარში მედგნენ. ერთადერთი ის მითხრეს, რომ მათ ამ სფეროში ნაცნობი არავინ ჰყავდათ. საკმაოდ რთულია თეატრალურ სივრცეში საკუთარი თავის დამკვიდრება. ძალიან მკაფიოდ მახსოვს, თუმანიშვილის თეატრში „ჯულიეტა და რომეოს“ სპექტაკლი, მახსოვს ია სუხიტაშვილი ჯულიეტას როლს ასრულებდა. მე მსახურის როლში ვიყავი, რომელიც სცენაზე რაღაცებს ალაგებდა ანტრაქტის დროს და მაინც ისე ვნერვიულობდი. მას შემდეგ ასე მგონი არასდროს მინერვიულია.

როდის მოვიდა ყველაზე დიდი წარმატება?

მგონია რომ ჯერ არ მოსულა, შეიძლება დიდი ამბიცია მაქვს, მაგრამ უფრო მეტი მინდა. პრინციპში, გააჩნია რას ვეძახით წარმატებებს. „ჩემი ცოლის დაქალები“ იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ გიორგი ლიფონავასგან ძალიან ბევრი ვისწავლე. სერიალი სკოლაც იყო ჩემთვის და ტრამპლინიც, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკუთარ ძალებში და მივხვდი, რომ შემიძლია. ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობია ჩვენს ქვეყანაში, უბრალოდ ბაზარია ძალიან პატარა, ყველას არ ეძლევა საშუალება, რომ მოსინჯოს საკუთარი ძალები.

ერთ-ერთ ფილმში არაჩვეულებრივად ასრულებ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედის როლს, ფილმში იყო გარკვეული ეროტიკული  სცენებიც, არ გაგიჭირდა?

რა თქმა უნდა რთულია, არ არის მარტივი ეს სცენები, თუმცა ის იგივენაირად განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. როდესაც შენ პერსონაჟს აცოცხლებ, ის ადამიანი ყველაფერი იმითაა დაკავებული, რითაც რიგითი ადამიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფს და რეჟისორს მსგავს საკითხებში. როდესაც ეს ამბის ნაწილია, ბევრად უფრო თამამად და გახსნილად გრძნობ თავს. ეს სცენები ჩემს ცხოვრებაშიც, როგორც ქალისთვის, ასევე მსახიობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მან ბევრი რამე შეცვალა. სხვათა შორის, ამ ფილმს დიდი რეზონანსი არ გამოუწვევია საზოგადოებში. აი „ჩემი ცოლის დაქალები“ უფრო სკანდალური იყო, მეზობლები გამარჯობას აღარ მეუბნებოდნენ, სანდრექსასთან სცენების შემდეგ.


როგორი იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?

ურთულესი აღმოჩნდა ჩემთვის ეს პერიოდი. ასეთი დიდი შემოქმედებითი პაუზა არ მქონია. დიდხანს უმოქმედობა მანადგურებს. ცხოვრებაში პირველად დავეგმე რაღაცები და ყველაფერი წყალში ჩამეყარა. გადამარჩინა „მთავარმა არხმა“. ადრე ტელევიზიაში მუშაობას სხვანაირად ვუყურებდი, თუმცა პანდემიამ მაფიქრებინა, რომ ერთადერთი რამ, რაც არასდროს ჩერდება, ეს არის ტელევიზია. სამი სხვადასხვა არხიდან მქონდა შემოთავაზება. ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე, რომ „მთავარში“ დამეწყო მუშაობა. მითხრეს, რომ შეზღუდული არაფერში ვიქნებოდი და ამან მომხიბლა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ძალიან მარტივი იყო, შემდეგ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ძალიან ვინერვიულე, თუმცა თანაწამყვანები და ყველა ძალიან დამეხმარა. უფრო მეტად აღმოვაჩინე თავი ამ სოციუმში.

როგორი დედაა ეკა?

დროის ფაქტორიდან გამომდინარე, სულ მგონია, რომ ცუდი დედა ვარ. ჩემი შვილი უკვე 12 წლისაა, პერიოდულად კი მეუბნება, რომ საუკეთესო დედა ვარ, თუმცა მგონია, რომ მაინც ვერ ვარ კარგი დედა, იმიტომ რომ მას პატარა ასაკში ბევრი დრო დავაკელი. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ეს თაობა ისეთი არაჩვეულებრივია არიან, სულ სხვანაირები არიან, ძალიან ლაღები, ლამაზები და ნიჭიერები.

კითხულობ ხოლმე სოციალურ ქსელში შენ შესახებ რაღაცებს?

არა, არ ვკითხულობ, თუმცა მინდა თუ არა ჩემამდე აღწევს მაინც. ჩემი ყოფილი მეუღლე, გიორგი ბოჭორიშვილი ჩემი საუკეთესო მეგობარია. დათო გაბუნია, ჩემი მეორე მეუღლე გადასაღებ მოედანზე გავიცანი, ოფიციალურად მეუღლე არ არის, არ ვეძახი ხოლმე მეუღლეს. ერთად ძალიან კარგად ვართ.

როგორი დიასახლისი ხარ?

საშინელი, ჩემი აზრით, ძალიან დაუფასებელი შრომაა ეს, ამის მიმართ ძალიან დიდი პროტესტი მაქვს, ძალიან ნიჭიერი ქალები ცხოვრების 70%-ს კარგავენ ამაში. რა თქმა უნდა, ვაკეთებ ყველაფერს, თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. ეს საქმე ყველა ოჯახის წევრმა თანაბრად უნდა გადაინაწილოს.

რომელ მსახიობთან და რეჟისორთან ითამაშებდი?

სტუდენტობიდან სულ მინდოდა ლარს ფონ ტრიერთან მეთანამშრომლა და ასევე ტარანტინოსთან. რაც შეეხება მსახიობებს, ტილდა სუინტონით ვარ შეპყრობილი. ყველანაირ როლს შევასრულებდი, ჰიტლერიც ვიქნებოდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები