„ტიფლისის“ გადაღება „ჯი-დი-ეს“-მა გასულ წელს დაიწყო, თუმცა მის ეთერში გასვლას ისეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორიც მრავალსერიანმა დრამამ შემდგომში მოიხვეჭა. პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, ინტერნეტში, „იუთუბზე“ მისი პირველი სერია 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დღევანდელ დღეს ინტერნეტი ისეთ ძალას იკრებს, როგორიც ტელევიზიას ახლო მომავალში აღარ ექნება…
მეორე სეზონის გადაღება რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რასაკვირველია, ეს რიცხვი გადამღები ჯგუფისთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა და მეორე სეზონიც ჩაიფიქრეს.
„ტიფლისის“ მეორე სეზონში მთავარ გმირს ლუკა მაისურაძეს ციმბირის გზას გაუყენებენ… ლუკას როლს კახა კინწურაშვილი ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ თავად მსახიობი ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, საკუთარი თავით კმაყოფილი არც ერთ როლზე მუშაობისას არ ვარო, ამ პერსონაჟს საკმაოდ დამაჯერებლად ართმევს თავს და ზოგადად, მსახიობების მუშაობა ამ სერიალში, მცირე გამონაკლისების გარდა, შექებას იმსახურებს. აღსანიშნავია გიორგი გიორგანაშვილი გამომძიებელ სისოს, ასევე ჯანო იზორია თავადი გრიგოლის როლებში. მეორე სეზონში კი გამორჩეულია კობა, რომელსაც მალხაზ აბულაძე არაჩვეულებრივად განასახიერებს…
გარდა ამისა, საინტერესოა თემატიკაც, ვინაიდან ამ პერიოდის საქართველოზე ქართული სერიალი არ შექმნილა. რასაკვირველია, შინაარსის განხილვას აქ ვერ მოვყვებით, რადგან შესაძლოა, მკითხველის ნაწილს „ტიფლისი“ ნანახი არ ჰქონდეს, თუმცა აუცილებლად გირჩევთ.
„ტიფლისის“ გუშინდელ სერიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა… მაყურებელი მესამე სეზონს ითხოვს, თუმცა ლევან დაბრუნდაშვილმა მცირე ხნის წინ „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მესამე სეზონის გადაღებას აღარ აპირებენ და ეს ამბავი მეორე სეზონში დასრულდება.
„ფეისბუქში“ შემდეგი შინაარსის კომენტარები ქვეყნდება: „მეორე სეზონის არგადაღებას ხალხი არ გაპატიებთ…“, „ჩემი ცოლის დაქალები უნდა იყოს სამჯერ და ეს ერთხელ? კარგი, რა…“, „ტიფლისი“ ჩემი ნერვების კიბოა. ხომ შეიძლება, კვირაში ორჯერ გაუშვათ?“, „ყოველდღე ორშაბათი იყოს, რა…“, „ამაზე მაგრად არც ერთი ქართული და არც უცხოური ფილმი და სერიალი არ მიყვარს…“, „მესამე გადაიღეთ, თორემ ამდენი ქება გინებაში გადაგეზრდებათ“, „ტიფლისი – არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად“, „ნომერი პირველი სერიალია… მსახიობები, სცენარი, გადაღება, ყველაფერი უმაგრესია, ცუდია, რომ კვირაში ერთხელ არის… და რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ ზოგი სერიალივით 5-წუთიანი არ არის და დიდ სიამოვნებას ვიღებთ ერთი საათის განმავლობაში, დიდი მადლობა თქვენ ამისთვის“.
სერიალის პირველ სეზონს თავიდან მცირე კრიტიკაც მოჰყვა იმ სალაპარაკო ენის გამო, რომელსაც სცენარისტები იყენებენ. ამბობდნენ, რომ იმ პერიოდის ტიფლისში თანამედროვე ტერმინოლოგიით არ უნდა აელაპარაკებინათ პერსონაჟები, თუმცა რეჟისორმა, ლევან დაბრუნდაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბრისას განმარტა, რომ 1900-იანი წლების სალაპარაკო ენის გადმოტანას ეკრანზე ვერ შეძლებდნენ, ეს თავისთავად ძალიან რთული პროცესი იქნებოდა სცენარისტებისთვის და მეორეც, მაყურებელს გაუჭირდებოდა შინაარსის აღქმა, ამიტომაც გადაწყვიტეს, პერსონაჟებს შედარებით გათანამედროვებული ტექსტებით ესაუბრათ…
კრიტიკის მიუხედავად, მაყურებელმა სერიალი მიიღო და ის შედგა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მეორე სეზონი და იფიქრებს თუ არა რეჟისორი მის გაგრძელებაზე…