LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ცხოვრება პორნოფილმი არ არის: როგორ და რატომ უთვალთვალებენ ქალებს

602

ესკალატორები, გასახდელები, გასასინჯი ოთახები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ფარული კამერებისგან თავის დაცვას სამხრეთ კორეელი ქალები ვერსად ვერ ახერხებენ. კიდევ უფრო მეტად აღშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ შემდეგ ვიდეოჩანაწერი მათგან მალულად პორნოსაიტებსა და სოცქსელებში ხვდება.

კორეულიდან თარგმანში ამ მოვლენამ სახელად „ფარული კამერა“ მიიღო. ბოლო წლებში მან უზარმაზარი მასშტაბები შეიძინა, რაც დიდწილად ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია: კამერები მინიატურული ხდება, მას კალმისტარსა თუ პიჯაკის ღილში დამალავს კაცი.

გასულ წელს პოლიციამ თვალის შევლების 7600 შემთხვევა დაარეგისტრირა – ბოლო ხუთ წელიწადში ასეთი დანაშაული შვიდჯერ გაიზარდა. მათ შორის კი, ვის წინააღმდეგაც უჩივლიათ, იყვნენ ექიმები, ადვოკატები, მოსამართლეები, პოლიციელები. ერთ-ერთ სკანდალში ჩართულები აღმოჩნდნენ ცურვაში ოლიმპიური გუნდის წევრებიც, რომლებიც ფარული კამერით საკუთარი გუნდის გოგონებს აკვირდებოდნენ.

ამ ზაფხულს სამხრეთ კორეაში საპროტესტო აქციების ტალღა წამოვიდა, რომელშიც ათეულობით ათასი ქალი მონაწილეობდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პოლიცია ვუაიერიზმის (თვალის დევნება ფარული კამერების მეშვეობით) შემთხვევებისას „ორმაგ სტანდარტებს“ იყენებს. მაგალითად, დემონსტრაციის მონაწილეებმა შეახსენეს ქალის ისტორია, რომელმაც შიშველი მამაკაცი-მოდელი გადაიღო სახელოსნოში საქმიანობისას. საქმე მალევე მივიდა სასამართლომდე, მაშინ, როდესაც თუ მამაკაცები იღებენ ქალებს, პოლიციის მხრიდან ასეთი ფაქტები ხშირად უყურადღებოდ რჩება.

რა სასჯელი ელით თვალთვალის მოყვარულებს?

უკვე 10 წელია სამხრეთ კორეაში კანონი მოქმედებს, რომლის თანახმად სმარტფონებმა ხმა უნდა გამოსცენ, როდესაც ფოტოკამერა ირთვება. თუმცა არსებობს მობილური დამატება, რაც საშუალებას იძლევა გვერდი აუარო ამ მოთხოვნას. თეორიულად კანონი ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ან 8 000 ევროიან ჯარიმას. პრაქტიკაში კი დამრღვევის დაკავება არც თუ იოლია, ხოლო განაჩენი ძალიან მსუბუქი.

არა მხოლოდ სამხრეთ კორეა

ასეთმა ფაქიზმა თემამ არა მარტო სამხრეთკორეული, არამედ ბრიტანული საზოგადოებაც შეაშფოთა. ამ ზაფხულს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა კანონპროექტი განიხილა, რომელიც გოგონების ქვედაბოლოდან გადაღებას აკრძლავდა. თუმცა დოკუმენტი თემთა პალატამ დაბლოკა, რამაც თვით პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აღაშფოთა. მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ აპსკერტინგი (ქვედობოლოს ქვეშ ქალების გადაღება საზოგადოებრივ ადგილებში მათი ნებართის გარეშე) „პირად ცხოვრებაში შეჭრაა, რის გამოც მსხვერპლი თავს დამცირებულად და დათრგუნულად გრძნობს“.

 

საფრანგეთიც შეუერთდა

გოგონების კაბების ქვეშ შეხედვისთვის ფრანგებს ციხეში ჩასვამენ. საფრანგეთში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც მანდილოსნებისთვის უხერხული ფოტოების გადაღებას კრძალავს. სიახლე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიღებული კანონპროექტის ნაწილი გახდა. ამიერიდან ადამიანები, ვინც გოგონებს ზედმეტად შეავიწროებენ – 1 წლიანი პატიმრობითა და ჯარიმით – 15 ათასი ევროთი დაისჯებიან. ბუნებრივია, თუკი დანაშაულის სიმძიმე გაიზრდება, მაშინ სასჯელიც უფრო დამძიმდება და 2 წელი და 30 ათასი ევრო გახდება. მსგავსი კანონი კანადაში, ბელგიასა და აშშ-ს რამდენიმე შტატში უკვე წლებია წარმატებით მოქმედებს.


რა ხდება საქართველოში?

ოქტომბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს ინციატივით მიმართეს. მოთხოვნა: სექსუალური შევიწროება ქვეყანაში კანონის დონეზე აკრძალულიყო.

„სისხლის სამართლის კოდექსში” ახალი ცნება – “ადევნება” გაჩნდა, რომელიც დასჯადი ქმედებაა. საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.

სისხლის სამართლის კოდექსში ადევნების მუხლი 2017 წლის 4 მაისიდან არსებობს. ადევნება გულისხმობს – უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ნებისმიერი ფორმით.

ცვლილებების თანახმად, ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადია.

2017 წელს ადევნების მუხლით გამოძიება რამდენიმე საქმეზე დაიწყო.

 

კითხვები

საკითხის წამოწევამ კითხვებიც გააჩინა. ეს არ არის ის თემა, სადაც ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით იზომება და გარკვეულ სუბიექტურ და მენტალურ ხედვებზეა დამოკიდებული.

როგორ გამოვავლინოთ სექსუალური შევიწროება – როგორ მოხდება გარჩევა და სად გადის ზღვარი ფლირტს, ხუმრობასა და შევიწროებას შორის?

როგორ გავიგოთ ვიღაცას ჩვენი ქცევა თუ არ სიამოვნებს?

ვინ და როგორ გადაწყვეტს იყო თუ არა შევიწროება?

რა უნდა იყოს ადეკვატური სასჯელი?

და კიდევ:
სამყარო, სადაც სექსუალურობის გამოვლენა შეზღუდულია (მით უმეტეს აკრძალული), ხომ მოსაწყენი იქნება…

 

კომპლიმენტებიდან შეურაცხყოფამდე – სექსუალურად შევიწროებული კაცები და ქალები [ვიდეო]