“ჩეხეთში, სრულად ვაქცინირებული ხუთი მილიონი ადამიანიდან კოვიდ-19-ით მხოლოდ 4 570 ადამიანი დაინფიცირდა,” – აღნიშნულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს არსებული ეპიდვითარების შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, დაახლოებით, 23 300 ადამიანს შეხვდა ვირუსი, რაც აცრილთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 0,5 პროცენტია.
ჯანმრთელობის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების დირექტორის, ლადისლავ დუშეკის თქმით, ივლისში, ახლად დაინფიცირებულთა 75 პროცენტი ვაქცინირებული არ არის. მისივე თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაცია იცავს დაავადების მძიმე ფორმებისგან.
ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდებზე მოდის. გასულ თვეში ჩეხეთში “კოვიდ-19”-ით 14 ადამიანი დაიღუპა, მათგან ათი ვაქცინირებული არ იყო.
უწყების ცნობითვე, ქვეყანაში ბოლო დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის.