აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილის ჩეჩნეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ, ინგუშეთში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ხელკეტებით შეიარაღებულმა პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დედაქალაქ მაგასის შემოგარენში, რეგიონული ხელშეკრულების გაფორმებისას 100-ზე მეტი პირი შეიკრიბა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს, მყარად დაადგინოს საზღვარი ორ რეგიონს შორის, რომლებიც საბჭოთა დროს ერთ რესპუბლიკას შეადგენდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ორად გაიყვნენ. სამართალდამცელებმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და შეზღუდეს მიმოსვლა მაგასში, სადაც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი და სხვა მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელები შეხვედრას მართავდნენ, ჩრდილოკავკასიის რეგიონში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელთან, ალექსანდრ მატოვნიკოვთან ერთად.
მაგასის და ინგუშეთის სხვა ადგილების მცხოვრებნი ამბობენ, რომ გაითიშა მობილური სატელეფონო ქსელებიც, რაც, მათი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოს მცდელობას, ჩაეხშო უნებართვო აქცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინგუშეთის დანაყოფი აცხადებს, რომ კომპლექსური ზომები მიიღეს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას რესპუბლიკაში. სამინისტრო ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აღკვეთენ არასანქცირებული აქციების გამართვის მცდელობებს, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.