მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც 13 იანვარს გაიმართა, ბევრი ინტერესით ადევნებდა თვალს. მესამე პრეზიდენტმა ისარგებლა უფლებით და მისთვის განკუთვნილი დრო იმისთვის გამოიყენა, რომ საზოგადოებისთვის მისი გაკეთებული საქმეები შეეხსენებინა.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მას მიუთითა, რომ კონკრეტულად საქმის გარემოებებზე ესაუბრა (განიხილებოდა საზღვრის უკანონო კვეთა), რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:
“ჩამოვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რაღა გინდათ?! ჩამოვუხტი მუხრან ბატონს“.
აღნიშნულ განცხადებას დღეს ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლმა უპასუხა:
„ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს,
რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში.
1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“ . – აღნიშნულია საქართველოს სამეფო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.