ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილებსაა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამის შესახებ აქციაზე მყოფმა, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, მას ინფორმაცია არ აქვს, სად არიან დაკავებულები გადაყვანილები.
ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ჩამოშალეს იმ შენობის ღობის ნაწილი, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის თბილისის მერს კახა კალაძეს, მივიდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია.