ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ, ახლო მომავალში გლდანში მდებარე ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების დიზაინის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ “ფორტუნას” ეთერში თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნინო ბაღიშვილმა განაცხადა.
“უპირველესად დაგეგმილია გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების დიზაინის შექმნა. რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, ახლო მოავალში დაიხაზება ქუჩები და შეიქმნება სატრანსპორტო ზოლები”,-აღნიშნა ნინო ბაღიშვილმა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები წარმოადგინა. მისი განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მსგავსად, თბილისის ქუჩები ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დედაქალაქს მოერგოს.
სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, ავტობუსის ათი სატრანზიტო დერეფანი მოეწყობა. დერეფნები დედაქალაქის ძირითად ქუჩებსა და გამზირებს მოიცავს.
პროექტის მიხედვით, იმ ძირითად ქუჩებზე, რომლებზეც მოსახლეობა ყოველდღიურად 10-15 წუთში ერთხელ გადაადგილდება 18-მეტრიანმა ავტობუსებმა უნდა იარონ და ერთდროულად, 150 მგზავრი გადაიყვანონ. პროექტში გათვალისწინებულია გაჩერებამდე ფეხით მისასვლელი დროც: ძირითად დერეფნებში 400-450 მეტრი, საქალაქო ხაზებთან 300-350 მეტრი, ხოლო საუბნო ხაზებთან 200-250 მეტრი.
10 ძირითადი დერეფანია:
I დერეფანი – ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
II დერეფანი – უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;
III დერეფანი – თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან გამზირი, მოსკოვის გამზირი;
IV დერეფანი – ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;
V დერეფანი – ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
VI დერეფანი – უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
VII დერეფანი – ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა;
VIII დერეფანი – დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;
IX დერეფანი – დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;
X დერეფანი – ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.