ცესკოში თიანეთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. ქიტესაშვილი თიანეთში თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს.
როგორც მან ჟურნალისტებს ცესკოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, არც მას და არც მის კონკურენტს თამაზ მეჭიაურს 50% ბარიერი არ გადაულახავთ. შესაბამისად, იმედოვნებს, რომ ცესკო მის სარჩელს, მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილებს.
“ვითხოვ განმეორებით ტურს იმ საფუძვლით, რომ როგორც ოცივე უბნის შეფასებით და დათვლით აღმოჩნდა, ოთხივე უბნიდან ჯამში ექვსი ბიულეტინია დაკარგული. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩემსა და თამაზ მეჭიაურს შორის ერთი ხმის სხვაობა დაფიქსირდა, ექვსი ბიულეტენი, ბუნებრივია, ახდენს გავლენას. ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს და ამიტომ შემოვიტანე ცესკოში საჩივარი. ველოდები, რომ იქნება ის ობიექტური გადაწყვეტილება, რასაც განმეორებითი არჩევნების ჩატარება ჰქვია”, – განაცხადა ქიტესაშვილმა.