ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ან მის საფუძველზე ჩატარებულ გამოძიებას „ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციასა და სანდოობასთან მიმართებაში რაიმე ტიპის გავლენა“. ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა და მისი შინაარსი საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას არ მიეკუთვნება და გაჟღერებული ბრალდებები აბსოლუტურად დისტანცირებულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისგან, თავს უფლებას მივცემ ამ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გავაკეთო: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენაზე, მოსყიდვაზე, აქ შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები შემოდის. კერძოდ, თუ მოსყიდვას, დაპირებას, შეღავათის გაკეთებას აქვს ადგილი წინასაარჩევნო პერიოდში და სასამართლოს მხრიდან ასეთი ფაქტი დადასტურდა, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტს უუქმდება რეგისტრაცია, სხვა შემთხვევაში ირთვება სისხლის სამართლის კოდექსის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის ნორმები და ცხადია, ამათი დადასტურება, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევა მომხდარიყო, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, მათ კომპეტენციაზე, კანონიერ ძალაში შესულ შემაჯამებელ ოქმებზე და არჩევნების შედეგებზე, ისევე როგორც არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში მის სანდოობაზე.
თუ რაიმე მტკიცებულება იარსებებს, სადაც საგამოძიებო ორგანოს ან სხვა კომპეტენტური უწყების ჩართვა გახდება საჭირო, მე დარწმუნებული ვარ, ასეთი რეაგირება იქნება და ეს განხორციელდება, მაგრამ ამ ყველაფერს რაიმე ტიპის გავლენა არჩევნების შედეგებზე, სანდოობაზე არ შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებმა „ამომრჩევლის მოსყიდვისა და უკანონო მობილიზების აპრობირებული მეთოდების შესახებ” ერთობლივად მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაცია.
გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებში სკოლის დირექტორთა პოლიტიკური დოსიეებიც აღმოჩნდა