LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

115
Untitled design

საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობას და რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი წინააღმდეგ წავიდა.

ცვლილებების მიხედვით, ცესკოში, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება. „საარჩევნო კოდექსიდან“ ამოღებულია მუხლები, რომელთა გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარის ერთი მოადგილის პოსტი საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენდა და აღნიშნულ თანამდებობაზე პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნებოდა.

ამასთან, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება და მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. მიღებული კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5-წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ის ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. პარლამენტის თავმჯდომარეს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის ვადა 2024 წლის პირველ მაისამდე აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები