ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობასთან ერთად 1 მილიონ 772 ათასზე მეტი ლარის დანამატები გასცა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
ანგარიშში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, საარჩევნო პერიოდი განისაზღვრა 22 აგვისტოდან 24 ნოემბრის ჩათვლით. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში თანამდებობრივი სარგოები გაცემულია ორმაგი ოდენობით.
საარჩევნო პერიოდში ყველა შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე, ასევე, გაცემულია დანამატები სარგოს ტოლი ოდენობით სულ – 1,772,843 ლარი.
„საარჩევნო პერიოდში ცესკოს თანამშრომლებზე გაცემული აქვს როგორც სარგოს ორმაგი ოდენობა, ასევე, იმავე ოდენობით დანამატი. იმის გამო, რომ საარჩევნო კოდექსი არ აკონკრეტებს დეტალურ მოტივს, თუ რისთვის არის საარჩევნო პერიოდში განსაზღვრული ხელფასის ორმაგი ოდენობით გაცემა, გაურკვეველი რჩება, დანამატი კიდევ რაიმე სხვა ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გაიცა, რაც ორგანული კანონით არ იყო განსაზღვრული, თუ იმავე სამუშაოს კომპენსირებაა, რაც ორმაგი სარგოთი ისედაც ანაზღაურდა,“ – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში ცესკოს თანამშრომლებზე დანამატები გაცემულია მოტივით – „ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით“, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათების და ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.