ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. ცესკო-ს შედეგების გამოცხადების შემდეგ, შემაჯამებელ ოქმს მოეწერა ხელი.
ცესკო-ს საბოლოო შედეგებით „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 780 680 ხმა 40,48%, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1 147 701 ხმა 59,52% მიიღო.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
როგორ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ დავით გურგენიძე აცხადებს, შემაჯებელ ოქმში ასახული მონაცემები არ ასახავს ქართველი ამომრჩევლის რეალურ ნებას.
„თითქმის ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში აღნიშნულია მრავალი დარღვევა, რომლებიც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ამ არჩევნებზე – ადმინისტრაცული რესურსის დიდი მასშტაბით გამოყენება, ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის ფაქტები, ფიზიკური ანგარიშსწორებების ფაქტები,“ – განაცხადა გურგენიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ აღნიშნა, რომ ცესკოში წარმოდგენილი ოქმი, რომელსაც თავმჯდომარე და მდივანი ხელს აწერენ, არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც საარჩევნო პროცესში მიმდინარეობდა.