LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემა, ძარცვა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა – ყვარელში მომხდარზე 2 პირს ბრალდება წარედგინა

88
ჰჯლ,

პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების, ძარცვის, გამოძალვის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა.

ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით რამდენიმე დღის ვადაში მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 და 27 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ მუხლებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად) და 144 მესამე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით სხვა შეხედულებების გამო, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები