LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცალი ფეხი მუხლს ქვევით დაკარგა, მეორეზე ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, დაკარგა ცალი თვალი… ნაწილებად დაგლეჯილი რომ ვიწექი, მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ოჯახში დავბრუნებულიყავიო – ნანა საჯაია რუსეთ-უკრაინის ომში დაშავებულ ჟურნალისტზე წერს

86
ნანა საჯაია

ნანა საჯაია, რომელიც აშშ-ში Fox news-ის ჟურნალისტია, სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომში მძიმედ დაჭრილ ჟურნალისტზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჰყვება, თუ როგორ გადაარჩინეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტი პენტაგონის და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა.

როგორც ნანა საჯაია წერს, ბენს სამი შვილი ჰყავს და ექიმებს მადლობას უხდის, რადგან კვლავ აქვს საშუალება საკუთარი შვილები ხელი აიყვანოს.

„13 მარტს, როცა სრულად ჩაფლული ვიყავი უკრაინის ამბებში და შიდა სისტემაში News alert-ებს ვაგზავნიდი, ჩვენი ბიუროს ხელმძღვანელი მოვიდა, გვერდით მომიჯდა და მითხრა – უკრაინიდან შეიძლება მალე გაიგო სენსიტიური ინფორმაცია ერთ-ერთ ჩვენგანზე (one of us), არ გააზიარო, ჯერ ოჯახს უნდა დაველაპარაკოთო. სულ ეს იყო. რამდენიმე წუთში ვიპოვე უკრაინის პროკურატურის მიერ გავრცელებული ფოტო. ფოტოზე ჩვენი კორესპონდენტის, გამორჩეულად კარგი ბიჭის – ბენ ჰოლის ბეჯი ჩანდა. სახელი და თვალები დაფარული იყო, მაგრამ ადვილად შეიძლებოდა მისი ამოცნობა. მინაწერი ამბობდა, რომ ბრიტანელი ჟურნალისტი მძიმედ დაიჭრა კიევთან ახლოს. ბენი ბრიტანეთის მოქალაქეა. მომდევნო 48 საათი ცუდ ამბებს უარესი ამბები ცვლიდა.

გაირკვა რომ აფეთქებისას დაიღუპნენ ჩვენი ვეტერანი ოპერატორი – პიერ ზარკჟევსკი და უკრაინელი ფიქსერი – 24 წლის საშა კუშინოვა. ბენზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ უმძიმეს მდგომარეობაში იყო და გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ამის მერე იყო ამბავი ბენის ევაკუაციაზე, ჯერ გერმანიაში, მერე ამერიკაში. როგორც მოგვიანებით გავიგეთ (ლინკებს დაბლა დავდებ), ბენი კიევიდან პენტაგონის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციით გამოიყვანეს. ჯგუფში შედიოდნენ ამერიკიდან ჩაყვანილი ექიმები, რომლებიც გზად მას ოპერაციებს უტარებდნენ.

ბენი გადარჩა. ცალი ფეხი მუხლს ქვევით დაკარგა, მეორეზე ტერფის ამპუტაცია დასჭირდა, დაკარგა ასევე ცალი თვალი. ზუსტად 6 თვე გავიდა და დღეს პირველად დაგველაპარაკა ვიდეოთი, თაუნ ჰოლი გვქონდა და მოულოდნელად ჩაგვერთო ლონდონიდან. ზუსტად ისევე ვტიროდი, როგორც მაშინ, როცა გვითხრეს შეიძლება ვერ გადარჩესო. დღეს თქვა, ნაწილებად დაგლეჯილი რომ ვიწექი, მარტო იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ოჯახში დავბრუნებულიყავიო. სამი პატარა გოგოს მამაა და დღეს განსაკუთრებული მადლობა მის დამხსნელ სამხედროებს და ექიმებს გადაუხადა, “მათი წყალობით, მე ისევ შემიძლია ჩემი შვილების ხელში აყვანა,” გვითხრა ეკრანიდან და თქვა რომ აუცილებლად დაგვიბრუნდება ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბების მოსაყოლად“, – წერს ნანა საჯაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები