მოკლული ბუტა რობაქიძის მამა აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი “სატელიტი” პარტიები მათთვის არასასურველი შედეგების შემთხვევაში არეულობას გეგმავენ და რომ არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება. ამის შესახებ სოსო რობაქიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შვილმოკლული მშობელი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების კვლავ მობრუნების შესაძლებლობას არ დაუშვებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ემზადებიან იმისათვის, რომ ვერ შეეგუონ წაგებას. მე საუბარი მაქვს „ნაციონალებსა“ და მის სატელიტებზე, სხვა ოპოზიციაზე არ ვსაუბრობ. ჩვენ დიდი ხანია, ვუყურებთ ამ პროცესს. ისედაც ვიცნობთ მაგათ მოდგმას, ისინი ამისთვის ემზადებიან. თავის დროზე ეს იყო ეგზიტპოლებით მოსული პარტია, გახსოვთ, როგორ დაიწყეს რევოლუცია, გადააგდეს შევარდნაძე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც „ნაციონალურმა“ პარტიამ სული ამოხადა, შვილები წაართვა. ჩვენ გეუბნებით: ნუ გააკეთებთ ამას, შეეგუეთ წაგებას, წაგებული გაქვთ! გუშინ შაშკინი ლაპარაკობდა, „ოცნება“ ხალხს ცემსო, როგორ უნდა მოვიდნენ შეხვედრებზეო? თქვენ ხალხს ხოცავდით და როგორ უნდა მოხვიდეთ? – ამას გეუბნებით.
თუ ესენი დაიწყებენ გამოსვლებს და მოხდება არეულობა, მაშინ ჩვენ მოვილაპარაკებთ, დავსხდებით, ცოტა არ ვართ, ათასობით ადამიანი იქნება და დავუპირისპირდებით მათ იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც არ უნდა მოხდეს! ვინ შეეგუება დღეს მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობასა და ამათ მოსვლას? არავინ! ნათელაშვილი, შაშკინი, „ნაციონალები“ საუბრობენ, „ევროპულმა საქართველომაც“ ახსენა გუშინ, რომ თურმე ბელორუსიის სცენარს გაიმეორებენ. „ნაციონალები“, კმარა, რაც თქვენ სისხლი დაღვარეთ! მთელი თბილისი არის იმ საშიშროების ქვეშ, რომ ესენი არ შეეგუებიან შედეგებს, მოხდება არეულობა, გამოვლენ გარეთ, მოხდება რევოლუცია. კობახიძემაც თქვა დღეს, შეიარაღება ახსენეს. ის ხალხი, ბელორუსიაში ვისაც უნდოდა მოსვლა, თქვენსავით კი არ იყვნენ მთავრობაში და სისხლი კი არ ჰქონდათ დაღვრილი. ისინი სუფთა ხელებით მოდიან. ახალი რა მოხდება, თქვენ რომ მოხვიდეთ? ამბობენ, ცვლილება უნდა ხალხსო. რა ცვლილება უნდათ? მიშა სააკაშვილი ვნახეთ, თქვენ გნახეთ. თქვენ ახლები ხართ? ახალი ფურცლიდან უნდა დაწყოთ? ვინც დაგრჩათ მოსაკლავი და გასაუპატიურებელი, უნდა შეასრულოთ ბოლომდე? ბუტას ვფიცავარ, ყველა იმ ბიჭს ვფიცავარ, ვინც წავიდა, ჩვენ ოჯახებით ვართ ახლოს, გეფიცებით ყველაფერს, ქალაქში გამოსვლა დაიწყება მაშინ, ღმერთმა დაიფაროს და, მთავრობაში თქვენ რომ მოხვიდეთ, მაშინ დაიწყება ქვეყანაში არეულობა. თქვენ თუ ძალით დაიწყებთ არეულობას, ვფიცავ ჩემი შვილის სისხლს, არც “ოცნება” მაინტერესებს, არც არავინ მაინტერესებს, არავის დავემორჩილებით და ჩვენ გაგცემთ პასუხს! ჩაგვხედეთ თვალებში!
გრიგოლიას ტელევიზია ამბობს, სულ 9 წელს ახსენებთო. მინდა, გითხრათ, ის 9 წელი ყველაზე მეტ ჭრილობას ჩვენნაირ ხალხს გვიხსნის, ვისაც შვილები არ გვყავს, ყველაზე მეტად გვტკივა ამ 9 წლის ხსენება. მაგრამ ის 9 წელი ვინც ჩაიდინა, იმას უნდა მოსვლა და იმას ეღვიძოს და ჩვენ გვეძინოს? ეს ასე არ იქნება.
ვეუბნები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს: თუ თქვენ რამეს დააპირებთ, 100 ათას-კაციანი მიტინგები გქონდათ ჩვენნაირი ხალხისგან, დაიმახსოვრეთ, 3 დღეში ისე გაგაფარჩაკებთ, რომ ნამდვილად გამოცხადდებით, როგორც დამნაშვე პარტია. თქვენგან ერთი პროვოკაცია, ვინმესთვის თმის ერთი ღერის ჩამოვარდნა და ვერ გაგვაჩრებს ვერც „ოცნება“, ვერც ვერავინ! გამოვალთ, დავდგებით, სადაც საჭიროა. ბოლოს მოგიღებთ ბოლომდე. შეეგუეთ იმას, რომ აგებთ. მკვლელები არ უნდა მობრუნდეთ“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.