LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ბაქრაძე ბრალს აღიარებს – “იარაღები მოგვიანებით მოიტანეს”

110

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ.

როგორც ზურაბ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, იარაღები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მიიტანეს.

„მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ბრალდებულების და პირადად ჩემს მიმართ, რამდენადაც ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება. შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მოგიყვეთ ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში.

პირველ რიგში, ალბათ, საზოგადოებისთვის საინტერესო არის ის, დაკავებულ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა იარაღი და იარაღი არის თუ არა ჩადებული. მე კატეგორიულად ვაცხადებ პირველად თქვენს ეთერში – იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის- საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 40-50 წუთში მივიდა და ადგილზე იარაღი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ მიქაძემ მიიტანა.

“არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან“, – განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულია როგორც ზურაბ ბაქრაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება, ასევე ზურაბ მიქაძეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები