თუ თქვენ 23:00 საათიდან 08:00 საათამდე მაღალსართულიან კორპუსში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებთ ან საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მუსიკას სისტემატურად მაღალ ხმაზე ჩართავთ, შესაძლოა, დაჯარიმდეთ.
თუ ოჯახში კონფლიქტი გაქვთ, დაისჯებით
„ეზოში რომ სხედან და ხმაურობენ, ხმამაღალი შეძახილები და ჩხუბი ღამის საათებში, ღია კარებიანი მანქანიდან ხმამაღალი მუსიკაა რომაა ჩართული, თავისი იურიდიული ბუნებით ეს უფრო წვრილმანი ხულიგნობაა, ვიდრე ხმაურის ნორმების გადაჭარბება. შესაძლოა, პატრულმაც სწორედ წვრილმან ხულიგნობად შეაფასოს. კანონის დარღვევად შეიძლება შეფასდეს ასევე ოჯახური კონფლიქტი, მაგრამ თუ მეზობელს აქვს დღესასწაული და განზრახ რთავს ხმამაღალ მუსიკას, ეს არის ხშირი და განგრძობადი, თუ აქვს რემონტი და ღამის საათებშია ჩართული ბურღი, მაშინ ამ კანონის მოქმედების სფეროა. ბურღი, ე.წ სვარკა დღის საათებშიც დასჯადი ქმედება იქნება“, – განუცხადა „ფორტუნას“ კანონის ერთ-ერთმა ინიციატორმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ე.წ. ხმაურის კანონი, რომლის მიხედვითაც დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება, დღეიდან ამოქმედდება. კანონი დღის საათებად 07:00-23:00 საათს ადგენს, ღამის საათებად კი 23:00- 07:00 საათს.
კანონის მოქმედების სფერო ვრცელია:
ცვლილებების მიხედვით, პირველ ჯერზე ზემოთ აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას.
ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორება იწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის – 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით.
ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ მესამე და ყოველი შემდგომი სამართალდარღვევის ჩადენისას გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირისათვის – 300 ლარის, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის ოდენობით.
ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება, გარდა ახალი წლის, ძველით ახალი წლის, 9 აპრილისა და 26 მაისისა, ისჯება 150-იდან – 500 ლარამდე ჯარიმით. ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ქმედება კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით.
კანონის მოქმედების სფერო არ ვრცელდება საავიაციო, სარკინიგზო, მეტროპოლიტენის, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე.
დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებსა და ადგილობრივი თვითმ,მართველობის ორგანოსთან შეთანხებულ დასენების, კულტურისა და სპორტის საჯარო ღონისძიებებზე.
ხმაურის გადაჭარბება თუ წვრილმანი ხულიგნობა
დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვის შემდეგ, ეს უკვე მეორე რეგულაცია იქნება, რომელთან შეგუებაც საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე რესტრორნებისა და კაფე-ბარების მფლობელებს მოუწევთ. კანონის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი „ფორტუნას“ საუბრისას, რესტორნების, კაფე-ბარებისა და გასართობი ცენტრების მფლობელებს ურჩევს, ხმაურისგან დამცავი სპეციალური საშუალებების დამონტაჟებაზე იზრუნონ. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ახალ რეგულაციებს არ დაიცავენ, შესაძლოა სისტემატიურად დაჯარიმდნენ კიდეც.
„სამწუხაროდ, მოგვიწია კანონის მიღება. დარწმუნებული ვარ რაღაც პერიოდის შემდეგ, სულ რომ გამოვცვალოთ ეს კანონი, ჩვენ მივეჩვევით პატივი ვცეთ სხვა ადამიანის უფლებებს. კანონში პირველად ჩადენილი ქმედებისთვის გაფრთხილება გავაჩინეთ. ეს იმათთვის, ვინც გაუცნობიერებლად დაარღვევს ამ კანონს. მაგრამ თუ ეს ქმედება განმეორდა, ეს უკვე აღარაა გაუცნობიერებელი, ესაა განზრახ ჩადენილი. გარდა ამისა, კანონის ამოქმედების შემდეგ პოლიციას ექნება დისკრეცია, კონკრეტულ ქმედებას ხმაურის გადაჭარბებად შეაფასებს თუ წვრილმან ხულიგნობად. ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს შემოწმებადი და სამართალდამცავებს მისი შემოწმება უნდა შეეძლოთ. თუ სამართალდამცავებმა დაინახეს როგორ გამოვიდნენ რესტორნიდან ახალგაზრდები და გაუშვეს ფოერვერკი, მათ ამ ადამიანების დაჯარიმება შეეძლებათ,“ – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
გაითვალისწინეს თუ გაითვალისწინებენ კანონის ახალ რეგულაციებს დედაქალაქში მდებარე რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მფლობელები, „ფორტუნას“ კითხვაზე, ერთ-ერთი დიდი და პოპულარული რესტორნის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მშენებლობის პროცესში მათ ეს ნორმა უკვე გაითვალისწინეს და შენობიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა არ გამოდის. ბავშვთა გასართობი ცენტრმა კი ადგილმდებარეობა სწორედ ხმაურით გამოწვეული მეზობლების უკმაყოფილების გამო შეიცვალა. ცენტრი საბურთალოს რაიონში მდებარეობდა, შემდეგ დაიხურა და სხვა მისამართზე განაახლა ფუნქციონირება.
ხმაურმზომი და დეტალები დღეს გაცხადდება
კანონის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა 1 აგვისტომდე გამოექვეყნებინა ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ასევე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის (ხმაურმზომი ხელსაწყოს) შეძენა.
„ფორტუნამ“ აღნიშნულის გადამოწმება თავად შსს-ში სცადა, თუმცა უწყებაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ. გარდა ამისა, როგორც შსს-ში განაცხადეს, დღეს მედიისთვის სპეციალური ღონისძიებაც იგეგმება, სადაც ხმაურმზომის პრეზენტაცია მოხდება და დეტალებზეც პასუხი სწორედ ამ შეხვედრაზე გაეცემა.
ქეთი გიგოლაშვილი