LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტი – რჩევები ბუქარესტში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

ბუქარესტი – მთავარი რუმინული ქალაქი და ქვეყნის კულტურული ცენტრი. ის ტურისტებს იზიდავს მდიდარი ისტორიით, კოლორიტული ატმოსფეროთი და უჩვეულო ღირსშესანიშნაობებით – აქ აქვთ საკუთარი ტრიუმფალური თაღი და მსოფლიოში ყველაზე დიდი პარლამენტი. მთავარი კი ძველი ბუქარესტია ვიწრო ქუჩებით, ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით.

თანამედროვე ბუქარესტი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ქალაქია, რომელმაც უკვე საგრძნობლად შეცვალა მისი იერი. შესაბამისად, ის ძველისა და ახლის საინტერესო მიქსია. აქ ერთმანეთის გვერდითაა სამსაუკუნოვანი ტაძარი, მინის საოფისე შენობები და კომუნისტური ეპოქის ბეტონის კოშმარი. ბოლო წლებია ევროკავშირის დახმარებით ბუქარესტი ევროპიზაციის გზას დაადგა.

ახლახან ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაინიშნა და ვლახების ქვეყანა ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისად მეტი დაინტერესების საგანიც გახდა.

 

ბუქარესტის რაიონები

ქალაქის გულია – ლიპსკანის ისტორიული რაიონი ამავე სახელწოდების საფეხმავლო ქუჩით.
ადრე ეს იყო სავაჭრო-სახელოსნო კვარტალი, დღეს კი ყველაზე პრესტიჟული და ტურისტებისთვის დასვენების საყვარელი ზონაა. აქ მდებარეობს უძველესი ადგილი – კურტია-ვეკე, სადაც ოდესღაც აღმართული იყო ლეგენდარული თავადის ვლად ცეპეშას რეზიდენცია. ამ სასახლეზე დღეს მხოლოდ რამდენიმე აგური ახსენებს, სამაგიეროდ იქვე მდგარი ტაძარი ბუქარესტის ყველაზე ძველი ნაგებობაა. ახლოსაა რუმინეთის ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, სამხრეთ-დასავლეთით კი სახელგანთქმული პარლამენტი.

ისევე როგორც რომი, ბუქარესტიც 7 ბორცვზეა გაშენებული.

ჩრდილოეთ რაიონებში ტბების ნაპირებთან ლამაზი პარკებია გაშენებული, ყველაზე ცნობილია ტეი, ფლორიასკა და ჰერასტრაუ. ქალაქის ეს ნაწილი გამოირჩევა მწვანე ბულვარებით, დიდებული შენობებით და ვილებით.
საინტერესოა პრიმევერიის რაიონი. სოციალიზმის დროს ის დახურული იყო – აქ მხოლოდ სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. აქაური მთავარი ღირსშესანიშნაობაა გაზაფხულის სასახლე, ყოფილი მმართველის ნიკოლაე ჩაუშესკუს რეზიდენცია.

 

ტრანსპორტი

საქალაქო ტრანსპორტი წარმოდგენილია თანამედროვე ავტობუსებით, ტროლეიბუსებით, ტრამვაითა და მეტროთი (3 ხაზი, სამუშაო საათები: 5:00-23:30). მაგნიტური ბარათები შესასვლელში, ჯიხურებში იყიდება: 2 მგზავრობა – 4 ლეი, 10 – 15 ლეი, ერთდღიანი ულიმიტო – 6 ლეი.

მიწისზედა ტრანსპორტით მგზავრობა 1,30 ლეი ღირს. ერთდღიანი – 8 ლეი, ერთკვირიანი – 1,7 ლეი. ბილეთებს ან სამგზავროს ნებისმიერ ჯიხურში შეიძენთ, რომელსაც RATB ლოგო აქვს.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა – 50 ლეი.

ტაქსი, როგორც წესი, მრიცხველებითაა აღჭურვილი. თუ არ არის, ჯობს ფასზე წინასწარ შეუთანხმდეთ. ტარიფი შესაძლოა მერყეობდეს 1,4-დან 3,5 ლეიმდე 1 კმ-ზე.

 

RON   10 რუმინული ლეი 6.4260

 

ბუქარესტის სამზარეულო და რესტორნები

რუმინული სამზარეულოსთვის დამახასიათებელია უბრალო და ნოყიერი საკვები. „მამალიგა“ (ღომისა და ჭადის მაგვარია) სავიზიტო ბარათია. ეს შესქელებული ფაფა ხორცთან გარნირად მიაქვთ. პოპულარული კერძებია – წვნიანი „ჩორბა“, შემწვარი ძეხვი „მიჩი“ (წაიქაბაბებს), დესერტი „პაპანაში“. ამ ყველაფრის დაგემოვნება შეიძლება საფირმო რესტორნების ქსელში La Mama.

რესტორანი Cara cu Bere ძველი ბუქარესტის საფეხმავლო ზონაშია. ის 150-წლიანი ისტორიითა და აუთენტური ინტერიერით იწონებს თავს. სტუმრებს აქ ნაციონალურ კერძებს, იქვე მოხარშულ ლუდს და ეროვნულ მუსიკას თავაზობენ.

ადგილობრივების გარდა, იტალიური სამზარეულოს უამრავი დაწესებულება მუშაობს. ასევე წარმოდგენილია ფრანგული, უნგრული, ბერძნული, ესპანური, მექსიკური, თურქული და ჩინური სამზარეულო. არც თუ ძვირ კაფეში სადილი 30 ლეი დაგიჯდებათ, ვახშამი ორ პერსონაზე ალკოჰოლით – 100 ლეიდან. წახემსება გზადაც შეიძლება – ქუჩაში ბევრ რამეს წააწყდებით (ყავა 8 ლეიდან). ბუნებრივია არის სწრაფი კვების ობიექტები – „მაკდონალდსი“, KFS, „საბვეი“ თუ ადგილობრივი “ლუკა”. ბიგ-მაკის, კარტოფილისა და კოკა-კოლას ნაკრები 20 ლეი ღირს.

აუცილებლად დააგემოვნეთ ბუქარესტული ბლითები. ის უამრავი შიგთავსით იყიდება საფირმო „კოვრიგის“ ადგილებზე.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

ბუქარესტი რუმინულიდან თარგმანში ნიშნავს „სიხარულის ქალაქი“. ცოდნისმოყვარე ტურისტისთვის ბუქარესტი ნამდვილი აღმოჩენაა.

 

ძველი ქალაქი

ქალაქის გაცნობა ყველაზე ძველი და მიმზიდველი ნაწილიდან უნდა დაიწყოთ. აქ არის გრანდიოზული პარლამენტი, ტრიუმფალური თაღი, ასევე დაათვალიერებთ რევოლუციის მოედანს.

პარლამენტის სასახლე თავისი მასშტაბებითაა ცნობილი. ეკლეტიკური სტილის ნაგებობა 6000 ოთახისგან შედგება და ფართობით მეორე ადგილზეა პენტაგონის შემდეგ. ის მთლიანად რუმინეთში წარმოებული მასალისგანაა აშენებული. ამ გიგანტური მშენებლობისკენ მისწრაფების გამო ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურება გახდა საჭირო.
სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა: 10:00-16:00.
ექსკურსია სხვადასხვა ენაზე ტარდება და 2 საათი გრძელდება. სტანდარტული ტურის ფასი 25 ლეია. სულ 6 პროგრამაა. ფოტო და ვიდეოგადაღება ფასიანია და 30 ლეის შეადგენს.

 

ტრიუმფალური თაღი 1920 წელს ააგეს, პირველ მსოფლიო ომში რუმინელი ჯარისკაცების მამაცობის პატივსაცემად. თაღს ქანდაკებები ამშვენებს. შეგიძლიათ კიბით მაღლა ახვიდეთ და ქალაქის პანორამით დატკბეთ.

რევოლუციის მოედანი ისტორიული მოვლენებითაა დატვირთული. აქ ბოლო წუთები გაატარა ნიკოლაე ჩაუშესკუმ. პირველ რიგში კი ეს ადგილი სავსეა ისტორიული ძეგლებით. აქ დგას სამეფო სასახლე, ამჟამად განთავსებულია ხელოვნების მუზეუმი. ოდნავ სამხრეთით ნახავთ წითელი აგურით ნაშენებ კრეცულესკუს ორთოდოქსულ ეკლესიას, სადაც კარგად შემონახულია ფრესკები.

მოედანზეა მდიდრული სასტუმრო „ატენეი“. იგი 1914 წელს ფრანგმა არქიტექტორმა ბრადომ ააშენა. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ გერმანიის არმიის შტაბი იყო განთავსებული, შემდეგ კი საბჭოთა საელჩო. სასტუმრო ძლიერ დაზიანდა, მაგრამ 1945 წელს სრულად აღადგინეს, მათ შორის ფასადები და სამეჯლისო დარბაზი, ისევ გამოჩნდა გუმბათი, ვიტრაჟები, მარმარილოს კოლონადები. დღეს „ატენეი“ რუმინეთის საქმიანი და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია.

 

საკონცერტო დარბაზი „ატენეუმი“ მართლაც გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ეს უბრალოდ საკონცერტო მოედანი არ არის, ხელოვნების ნამდვილი ტაძარია, რუმინელი ხალხის სულიერი ტრადიციის სიმბოლო.
სიმფონიურ კონცერტზე დასასწრები ბილეთი 55-70 ლეი ღირს, კამერული მუსიკის კონცერტზე კი 25-45 ლეი.

 

 

ბუქარესტის ბაღები და პარკები

ბუქარესტის სამშვენისია მისი ბაღები და პარკები. „ჰერასტრაუს“ ამავე სახელწოდების ტბა აკრავს. პარლამენტის სასახლის სიახლოვეს ძველი ისტორიის მქონე ქალაქის პარკი მდებარეობს – ჩიშმიჯიუს ბაღი (პარკთან ყველაზე ახლომდებარე მეტროსადგურია Izvor, ასევე უამრავი ავტობუსი დადის). ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩატანილი 30 ათას ეკზემპლარზე მეტი მცენარის კოლექციითაა წარმოდგენილი.

კეროლ პარკი (ასე რუმინეთის პირველი მეფის პატივსაცემად ქვია), ფრანგული ბაღის სახითაა გაფორმებული. აქ მდებარეობს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ასევე კომუნისტური გმირების მავზოლეუმი.

ბუქარესტის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. აქ ხარობს ტროპიკული ორქიდეები და იშვიათი კარპატული ენდემური ჯიშები.
სამუშაო საათები დილის 8-დან საღამოს 8-მდეა, ზამთარში 17:00 სთ-მდე. ფასი: 5 ლეი.

ბუქარესტი ზოგადად ძალიან მწვანე ქალაქია და ბევრია „თვალისგან დაფარული“ პატარა პარკები. ეძებეთ ისეთი სახელწოდებებია, როგორებიცაა Ceai la Metoc, Infinitea, Eden Garden, Verona, Ceainaria La un Ceai.

 

 

მუზეუმები

ბუქარესტში საკმაოდაა მუზეუმები. უნდა ნახოთ რუმინეთის გლეხობის მუზეუმი, რომელიც 1906 წელს გაიხსნა. მხოლოდ კერამიკის კოლექცია 18 ათას ნივთს ითვლის, კოსტუმების უმრავლესობა მე-19 საუკუნეს მიეკუთვნება. აქვე ნახავთ ხის გლეხურ სახლს.
შესვლას 8 ლეი უნდა, დროებითი გამოფენებისთვის ცალკე ბილეთია საჭირო, აუდიოგიდი 12 ლეი ღირს.
Muzeul Taranului Roman-ის გაჩერებამდე მიგიყვანთ ავტობუსი: № 205, 300, 381, 783; მეტროს სადგურ Piata Victoria-მდე უნდა გაყვეთ.

ხელოვნების მუზეუმი აერთიანებს როგორც რუმინელი, ასევე ევროპელი მხატვრების ნაწარმოებებს. აქ იხილავთ ელ გრეკოს, მონეს და რემბრანდტის ნაკლებად ცნობილ ნამუშევრებს, ასევე შეხვდებით რენუარს, სეზანს და რუბენს.
ორშაბათი და სამშაბათი დასვენების დღეებია. ევროპულ გალერეასა და ნაციონალურ გალერეაში შესვლა 8 ლეია, კომბინირებული ბილეთი კი 10-20 ლეი ღირს. ფოტო-ვიდეოგადაღება 50-100 ლეი დაგიჯდებათ.

საინტერესოა ისტორიის მუზეუმი ფოსტის სასახლის შენობაში (1889 წ);
ფასი: 10 ლეი, 17:00 საათამდე მუშაობს, ორშაბათი-სამშაბათი დასვენების დღეებია.

სოფლის მუზეუმი (17 ჰა, ერთ-ერთი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ);
ფასი: 10 ლეი, აუდიოგიდი – 50 ლეი. მუშაობს 17:00 საათამდე.

 

გეოლოგიური მუზეუმი;

ტექნიკის მუზეუმი;

ბუნების ისტორიის მუზეუმი;

ებრაელი ხალხის ისტორიის მუზეუმი;

თანამედროვე ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი (10 ლეი).

 

 

ბარემ ესენიც ნახეთ

კანტაკუზინოს სასახლე

ცენტრალური ბუქარესტის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე, მოვლილი პარკის გარემოცვაში მდებარეობს კანტაკუზინოს სასახლე, რომელიც 1903 წელს ააგეს. სასახლე ფრანგული აკადემიზმისა და როკოკოს ელემენტებს აერთიანებს.
სამუშაო საათები: 10:00-17:00, ორშაბათი დასვენებაა.
ფასი: 6 ლეი. ყოველი თვის 26 რიცხვში ნებისმიერი კატეგორიის მნახველისთვის შესვლა უფასოა.
სასახლის საკონცერტო დარბაზში, კონცერტზე ცალკე ბილეთებია საჭირო – 3-10 ლეი.

 

კოტროჩენის სასახლე

ბუქარესტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კოტროჩენის ბორცვის წვერზე მდებარეობს მე-19 საუკუნის არქიტექტურის კაშკაშა ნიმუში. აქ ყოველწლიურად ათასობით ტურისტი მიდის, რათა პრინც ფერდინანდისა და პრინცესა მარიას (მოგვიანებით მეფე და დედოფალი გახდნენ) მდიდრული რეზიდენცია იხილონ.

სამუშაო დრო 17:30 სთ-ზე სრულდება, მაგრამ მუზეუმში შესვლა 16:30 სთ-ზე წყდება. დასვენების დღე ორშაბათია.
ტაძარში შესვლა უფასოა.
კოტროჩენის მუზეუმში შესვლა მხოლოდ ჯგუფურად შეიძლება. ფასი: 15 ლეი. ფოტო-ვიდეო – 60-160 ლეი.

 

 

აი რა უნდა გააკეთოთ ბუქარესტში

 

ტრამვაით გასეირნება

ტრამვაის ნომერ პირველ მარშრუტს თავისუფლად შეიძლება უწოდო საექსკურსიო, რადგან ის დედაქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ადგილებს გაივლის.

 

გაერთეთ Player Club-ში

რუმინეთის დედაქალაქის ყველაზე მოდური კლუბი – Player Club, სადაც საღამოები დიდ აუზთან იმართება და სხვათა შორის 24/7 რეჟიმში. ზაფხულში კლუბი უწყვეტად გუგუნებს.

 

საყიდლებზე Mega Image-ში

ეს კონცეპტ-მაღაზია სპეციალიზდება ყველაფერ რუმინულზე და საზღვარგარეთიდან შემოტანილ დელიკატესებზე. აქ შევლით ერთბაშად ორ კურდღელს მოკლავთ – უშუალოდ რუმინულ პროდუქტს შეიძენთ თუ ადგილობრივი ყველისა და ხორცის კერძების დაგემოვნება მოგინდათ. ამასთან, თქვენს გურმანობას სხვა მხრივაც დაიკმაყოფილებთ.

 

 

ბუქარესტის გარეუბანი

არანაკლებ თვალწარმტაცია ბუქარესტის გარეუბანი. აქ იპოვით ბევრ საინტერესო მონასტერს და სასახლეს და გრაფ დრაკულას საფლავს. დედაქალაქიდან არც თუ შორს მდებარეობს ბისერიკა-დომნიასკე (საღვთო ტაძარი) და კურტია-დე-არჯეშის მონასტერი.

სნაგოვის მონასტერი პატარა კუნძულის შუაგულშია – ეს ადგილი მომლოცველებისთვისაა, რადგან აქ არის დაკრძალული თავმოკვეთილი ვლად III ცეპეშის სხეული. აქ მოგიყვებიან იდუმალებით მოცულ უამრავ ისტორიას. სხვათა შორის, ის არა მარტო სახელგანთქმული ვამპირის საფლავითაა ცნობილი, არამედ სამხრეთ რუმინეთში შუასაუკუნეების ნახატების ყველაზე დიდი კოლექციით.  სამრეკლომ უნიკალური ფრესკები შემოინახა.

 

ბრანის ციხესიმაგრე

ბრანის ანუ გრაფ დრაკულას ციხესიმაგრე რუმინეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია და შუასაუკუნეების არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. ის XIV საუკუნეში ააგეს  კლდის მწვერვალზე, სადაც ტევტონი რაინდების ხის ციხესიმაგრე იყო. ბრანი ვლად ცეპეშას (გრაფ დრაკულას პროტოტიპი) თავშესაფარი იყო, აქ ჩერდებოდა სანადიროდ. მუზეუმში ტურისტებს მისი საწოლის ნახვის საშუალება აქვთ.
ბუქარესტიდან ბრაშოვამდე (166 კმ) მატარებლით მისვლა შეიძლება, შემდეგ კი ავტობუსზე გადაჯდებით და სადგურ Castelul Bran-ზე ჩამოხვალთ.
სასახლეში შესვლა ფასიანია.

 

მოგოშოაიას სასახლე

მოგოშოაია ბუქარესტიდან 10 კმ-შია და იდეალურია, ვისაც დედაქალაქიდან ერთი დღით გაცლა სურს. ყველა შენობა XVIII საუკუნის დასაწყისშია აშენებული, მაშინ გააშენეს პარკიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები