ბულგარეთის მონახულების მსურველებს უკვე თამამად შეუძლიათ შვებულების დაგეგმვა. მთავრობამ ტურისტებისთვის დაწესებული ყველა ანტიკოვიდური შეზღუდვა გააუქმა, თანაც უკვე მაისიდან. მოგზაურებს აღარ მოუწევთ პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა და არც ვაქცინაციის სერტიფიკატის ქონა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
აქამდე ბულგარეთის საზღვრის კვეთის დროს 12 წელს გადაცილებულ მგზავრებს კოვიდ-პასპორტის წარდგენა სჭირდებოდათ. ასეთის არ ქონის შემთხვევაში კი 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის წესი მოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილიდან ხელისუფლებამ კოვიდ-რეგულაციები ქვეყნის შიგნითაც გააუქმა, მათ შორის პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.
ამასთან, ჯანმოს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ბულგარეთში კორონავირუსით ინფიცირების 3,767 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვალებულთა რაოდენობა კი 60 იყო.