LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტი – რჩევები ბუდაპეშტში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

უძველეს დროში, დიდებული დუნაის ნაპირზე, ორი დასახლება გაჩნდა, რომლებიც მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარეობდნენ. ერთ-ერთი ნაპირი უფრო მაღალზე იყო და იქ წარმოიშვა დასახლება სახელად ბუდა, მეორე მხარეს, უფრო დაბლობზე კი განთავსდა მყუდრო და მოსახერხებელი პეშტი. გარკვეული დროის შემდეგ ორი ქალაქი ერთმანეთს შეერწყა და გახდა – ბუდაპეშტი.

 

ბუდაპეშტის რაიონები

ნებისმიერი ტურისტი თავიდანვე ითვისებს გეოგრაფიას – დუნაი ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. დასავლეთ სანაპიროზე რჩება მთა-გორიანი ბუდა, აღმოსავლეთით პეშტი. ქალაქი 23 რაიონად არის დაყოფილი. ბუდა მოიცავს I, II, III, XI, XII, XXII რაიონებს და ფაქტობრივად III რაიონს – ეს ობუდას (ძველი ბუდა) ტერიტორიაა.

 

ტრანსპორტი

ბუდაპეშტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლში გამოდიან მეტრო (ევრაზიაში მეტროს უძველესი ხაზი ბუდაპეშტშია), ტრამვაი (უგრძესი ევროპაში), ტროლეიბუსი და ავტობუსი, თავისთავად ტაქსი. ერთჯერადი ბილეთი (იყიდება მეტროში, ჯიხურებში, ავტომატებში) 350 ფორინტი ღირს, გადაჯდომის უფლებით 530 ფორინტი, 24-საათიანი აბონემენტი 1650 ფორინტი, 72 საათზე გათვლილი – 4150. ბილეთის უშუალოდ ტრანსპორტში ყიდვა 100 ფორინტით მეტი დაგიჯდებათ.

მეტროს სამი ხაზი ქალაქის ცენტრში იკვეთება (Deak ter). მატარებლები 2-15 წუთში დადიან. სამუშაო რეჟიმი 4:30 სთ-დან 23:00 სთ-მდეა. შემდეგ უკვე ღამის ავტობუსებით იმგზავრებთ (განრიგი აღნიშნულია ასო Е-თი). წითელნომრიანი ავტობუსები ყველგან არ აჩერებენ და დაკვირვება გმართებთ.

დედაქალაქში 30-ზე მეტი ტრამვაის ხაზია და 5-10 წუთიანი ინტერვალით დადიან.

მნიშვნელოვანი მომენტი: ბუდაპეშტის მეტრო ისეა მოწყობილი, რომ ერთი სადგურიდან მეორეზე გადასვლა უშუალოდ მეტროში შეუძლებელია: მოგიწევთ ქუჩაში ამოსვლა, გზის გადაკვეთა და მეტროში ხელახლა ჩასვლა. მგზავრობის ღირებულება კი თავიდან უნდა გადაიხადოთ. ამიტომ მეტროში ჩასვლისას წინასწარ დაგეგმეთ რა მარშრუტით და რომელ სადგურებზე გიწევთ მისვლა.

ტაქსი
ტარიფები მანქანაშია გამოკრული. ჩასხდომა დღისით 300 ფორინტია, ღამით – 400. 1 კმ გზა – 240 ფორინტი (დღე) და 340 ფორინტი (ღამე) ღირს. მგზავრის მოთხოვნით მძღოლი ვალდებულია ანგარიში წარადგინოს.

 

HUF 100 უნგრული ფორინტი 0.9696

 

 

შოპინგი

რა ვიყიდოთ?

ღვინო (ერთი ბოთლი 300 ფორინტიდან) და ადგილობრივი ლუდი (90 ფორინტიდან), ოღონდ არა დუთი-ფრიში. ბაზრებსა და მაღაზიებში არჩევანიც დიდია და ფასებიც ნაკლები. მწარე ლიქიორი „უნიკუმი“ (40 ბალახეულზეა დამზადებული) ძალიან პოპულარულია და მას საოჯახო კომპანია Zwack უშვებს.

უნგრული სალიამი – მთელ ევროპაშია განთქმული და მშვენივრად უძლებს ტრანსპორტირებას.

Pirosarany – ადგილობრივი პროდუქტია, რომელსაც სხვაგან ძნელად თუ შეხვდებით. ტურისტებს ასევე მიაქვთ შაფრანი, მარციპანი და სხვა ტკბილეული. თუნდაც მრავალფენიანი ტორტი დობოში (Dobos torta) შოკოლადის კრემით და კარამელით, რასაც სხვაგან ვერსად ვერ შეიძენთ.

როგორც ავსტრო-უნგრეთის იმპერიის სხვა ქვეყნებმა, უნგრეთმაც შეინარჩუნა ამოქარგული მკვეთრი ეროვნული სამოსი. უამრავი ტურისტი ყიდულობს ნაქარგ სუფრებს, ფარდებს, თეთრეულს. ნამდვილი უნგრული ფაიფურის მოძებნა კი მარტივი საქმე არ არის. ძალიან ხშირია ჩინეთში წარმოებული ყალბი ვერსიები და ფრთხილად იყავით.

სად ვიყიდოთ?

ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი იმდენად დიდებულია, რომ არქიტექტურულ ღირსშენაშნაობაზეც კი ქაჩავს. პირველ რგში ეს ცენტრალური ბაზარია, რომელიც მე-19 საუკუნის შენობაში მდებარეობს. აქ მოდიან ადგილობრივი პროდუქტების, ალკოჰოლის, სუვენირების შესაძენად.

ბუდაპეშტში საკმარისადაა სავაჭრო ცენტრები, სადაც ტანსაცმლის მასობრივი მარკებია წარმოდგენილი. ცენტრალური ბაზრიდან ფეხით სავალზეა West End. ამჟამად ყველაზე მსხვილია Arena Plaza (200-ზე მეტი მაღაზია), რომელიც ისტორიული ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრშია.
Armani, Zegna, Gucci, Louis Vuitton, Burberry, Dior, Versace, Lanvin – ანდრაშის პროსპექტზეა თავმოყრილი. ბევრს აკვირვებს ქალაქის ცენტრში სექენდ-ჰენდების არსებობა. ბუდაპეშტს ზოგჯერ „მეორადების“ ევროპულ დედაქალაქსაც უწოდებენ.

ჩვეულებრივ მაღაზიები კვირაობით არ მუშაობენ, შაბათს კი ადრე იკეტება. თუმცა სუპერმარკეტები და კერძო დახლები ამ წესს ხშირად არღვევენ.

მთელ ევროპაში ათასი წვრილმანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრობაა „ესკერი პიაკი“. აქ ნახავთ ანტიკვარიატს და სამხედრო რელიკვიებს, ასევე უჩვეულო ფაიფურის სუვენირებს და სურათებს. თუ გაინტერესებთ, სჯობს დილით ადრე მიხვიდეთ და თან უქმეებზე.

 

 

რა გავსინჯოთ

კარგი ღვინო, მწკლარტე ყველი, ხორცის და ბოსტნეულის კერძები, რომლებიც გულიანად არის გაზავებული სპეციებითა და პაპრიკათი – უნგრული (იგივე მადიარების) სამზარეულო მიიჩნევა ევროპული ტრადიციებისა და აღმოსავლეთის მოტივების ნაზავად.

მთავარი, რაც არ უნდა გამოტოვოთ, ეს არის გულიაში. საუბარია შესქელებულ, კალორიულ, ცხარე წვნიანზე. ხორცი იმდენია, რომ ბოსტნეული უბრალოდ დეკორაციაა. ნამდვილი გულიაში მიირთვით ან რესტორანში ან სასადილოში – 700 ფორინტიდან 3500 ფორინტამდე.

ხორციანი კერძები – მადიარული სამზარეულოს საფუძველია და მას არაჟნით, პაპრიკით და მდოგვის სოუსით აზავებენ. ბევრმა არ იცის, რომ უნგრეთში გამოყვანილი ყავთ ღორის განსაკუთრებული ჯიში. ისინი გარდა სპეციფიკური გარეგნობისა, ცხიმიანი ხორცითაც გამოირჩევიან. ამიტომ ადგილობრივი ძეხვი, პლუს დებრეცენის სოსისები და უნგრული სალიამი, ქვეყნის გარეთაც არის სახელგანთქმული. სუპერმარკეტში საშუალო ძეხვის ფასი 600 ფორინტია, კარგად შებოლილი ხორცი – 2000 ფორინტიდან.

ბუდაპეშტში დღის დაწყება რეკომენდირებულია კაფე-საკონდიტროებით. იქნება ეს ფენოვანი ბლინი, შოკოლადის ნამცხარი ან ტორტი (სახელგანთქმული ნუშისა და შოკოლადის „ესტერხაზი“ სწორედ აქედანაა) და ერთხელაც დარწმუნდებით, რომ უნგრეთში კალორიების დათვლის დრო არ არის.

 

კაფე-რესტორნები

უნგრული სამზარეულო ისეთ ბრენდად ვერ იქცა, როგორც იტალიური ან ფრანგული, და დასავლეთ ევროპაც განებივრებულია სხვადასხვა ფორმატის დაწესებულებებით, მაგრამ ამ „სამეზობლოშიც“ სიამოვნებით დადიან.

დისლოკაციის პოპულარული ადგილია საფეხმავლო ვაცი (Vatci utca). აქ სხვადასხვა სახის მაღაზიები და რესტორნებია. საერთო ჯამში, ბუდაპეშტში 3 ათასზე მეტი რესტორანია.

ცენტრალურ ქუჩებზეც კი საკმარისადაა „საქაბაბეები“ და ბურგერები. უშუალოდ ბუდაპეშტის ხასიათს უფრო პატარა მყუდრო პაბებსა (ღვინოსაც გთავაზობენ) და ყავახანებში დაიჭერთ.

ტურისტებს კი უფრო „რუინ-პაბები“ აინტერესებთ (ინგლისურიდან ruin – ნანგრევები). ეს არა მარტო ახალი ფორმატია, არამედ საქალაქო ღირსშესანიშნაობა. პირველად რუინ-პაბები ორსაუკუნოვან ებრაულ კვარტალ ერჟებეტვაროშში გახსნეს, სადაც მიტოვებულ შენობებში მინიმალური რემონტი გააკეთეს და ერთადერთი იმაში დარწმუნდნენ, რომ კლიენტებს სახურავი თავზე არ დაემხობოდა.

ადგილობრივ რესტორნებში ბოშათა ანსამბლებს ეძახიან, ოღონდ ისინი არა საერთო სცენაზე, არამედ ცალკეულ მაგიდებთან უკრავენ.

პეშტშია მთელ ევროპაში ცნობილი კაფე „ჟერბო“. მდიდრული ჭაღები, უძვირფასესი ხის მასალისგან შესრულებული მოპირკეთება, ავეჯი – ყველაფერი ეს დღემდე უნარჩუნებს 1858 წლიდან მოქმედ საკონდიტროს საფირმო სტილს.

რასაც ტურისტები დღემდე აღნიშნავენ, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ბუდაპეშტში დემოკრატიული ფასებია.

 

 

ქუთაისი-ბუდაპეშტი: პრაქტიკულირჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

ბუდაპეშტი დამსახურებულად შედის ულამაზესი ქალაქების რიცხვში. ქალაქის ცენტრალური ნაწილის პანორამა დუნაის ხედით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

უნგრეთის დედაქალაქი სამი ისტორიული ნაწილისგან შედგება – პეშტი, ბუდა და ობუდა და ერთადერთია მსოფლიოში, სადაც 120 თერმული წყაროა.

პირველ რიგში უნდა ეწვიოთ ბუდას ციხესიმაგრეს და მეთევზეთა ბასტიონს – ეს გახლავთ თეთრი ქვის ულამაზესი ციხესიმაგრე შვიდი კოშკით (შესვლა თავისუფალია). აქ ერთ დროს თევზით ვაჭრობდნენ და სახელწოდებაც აქედან მოდის. ამ ადგილიდან შესანიშნავი ხედი იშლება დუნაის მოპირდაპირე ნაპირზე, მათ შორის პარლამენტის უმშვენიერეს ნაგებობაზე.

მთაზე მდებარე კომპლექსს განსხვავებულად ეკიდებიან: მას უწოდებენ „მკვდარ ქალაქს“, ბუდაპეშტის „ექლეკტიკას“, თუმცა საუკუნეების განმავლობაში გადაკეთებულმა კვარტალმა ძალიან ბევრ განსაკუთრებულობას მოუყარა თავი. მისი გულია სამეფო სასახლე, ტიპიური და თან არც თუ ლოგიკური და არც თუ სამეფო ისტორიით.

თავიდან აქ მართლაც მეფეები ცხოვრობდნენ, შემდეგ აღორძინების ეპოქამ და თურქების მმართველობამ თავისი კორექტივები შეიტანა. ხოლო როდესაც ბუდაპეშტი მთელი უნგრეთის დედაქალაქი გახდა, სასახლეს ახალი როლი მიანიჭეს და გრანდიოზული მშენებლობები წამოიწყეს (40 წელი გაგრძელდა).

ამ მასიურ შენობაშია ეროვნული ბიბლიოთეკა, ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი, ეროვნული გალერეა. იქვე ახლოს, წმინდა გიორგის მოედანზეა, ნაკლებად შესამჩნევი შანდორის სასახლე. ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ყოფილი რეზიდენციაა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისთვის მოქმედი (მეორე მსოფლიო ომის დროს სრულად დაინგრა და 90-იან წლებში აღადგინეს).

სამეფო გორაზე მაინც არის ნაგებობა, რომელსაც ახსოვს უნგრეთის მეფეები. პირველ რიგში ესაა ბუდას მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის ეკლესია. ტაძარმა თურქების ბატონობა გადაიტანა, საუკუნენახევარი მეჩეთი იყო, კაპიტალურად მე-19 საუკუნის ბოლოს შეაკეთეს. 1916 წლამდე აქ აკურთხებდნენ უნგრეთის მმართველებს. თუმცა ის ზომითაც და მოკაზმულობითაც ჩამორჩება დღეისათვის უნგრეთის მთავარ ტაძარს – წმინდა იშტვანის ბაზილიკას (1905 წ).

ბუდას გორაზე ყოფნისას აუცილებლად ნახეთ მიწისქვეშა გამოქვაბულები, რომლითაც გამოშიგნულია მთა, ასევე გაიარეთ მე-19 საუკუნის საფეხმავლო გვირაბით (აერთებს დუნაის სანაპიროს დასავლეთ რაიონებთან).

ბუდას ციხემდე ასვლა ძველი ფუნიკულიორით (Siklo) შეიძლება. ერთი გზა 1200 ფორინტია, წინ და უკან – 1800.

 

პეშტში სეირნობისას ვერ აცდებით ანდრაშის გამზირს, რომელიც ასევე შეტანილია იუნესკოს მემკვიდრეობაში. ამ პროსპექტზეა ოპერის თეატრი (ექსკურსიაზე შეგიძლიათ შეხვიდეთ), მუსიკალური აკადემიის ძველი შენობა, სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტი. ანდრაშის პროსპექტი სრულდება გმირთა მოედნით, რომელიც მილენიუმის მუზეუმებისა და ძეგლების არქიტექტურული ანსამბლია და უნგრეთის დედაქალაქის სიმბოლოს წარმოადგენს.

ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობების ნახვა უკვე წყლიდანაც შეიძლება, დუნაიზე რაფტინგ-ექსკურიის დროს ან RiverRide-ის ავტობუსი-საოცრებიდან.

თვალწარმტაცი კუნძული მარგიტი, ბუნებრივი ნაკრძალია შესანიშნავი დენდრო პარკით. ის დუნაის გასწვრივ არის გადაჭიმული მარგიტისა და არპადის ხიდებს შორის. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ზამთარში დიდი ვერაფერია.

აკვაპარკი Aquaworld.
ყველაზე დიდი და უჩვეულო აღმოსავლეთ ევროპაში. აქ სერფინგით და დაივინგითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

ზოოპარკი.
ბუდაპეშტის ზოოპარკს ყველა აქებს, ჩამოსულიც და ადგილობრივიც.
ზრდასრულებისთვის ბილეთი 2500 ფორინტია (8 ევრო), ბავშვებისთვის 1800 (6 ევრომდე). ზოოპარკის ტერიტორიაზეა თემატური პარკი Holnemvolt Park, სადაც ფრინველების და შინაური ცხოველების ეკზოტიკურ სახეობებსაც ნახავთ და ბავშვებისთვის მრავალფეროვან ატრაქციონებსაც.

 

აუცილებლად სანახავი

 

პარლამენტი
ყველაზე ცნობადი და დახვეწილი შენობა, ნამდვილი სიმბოლო. ის ღიაა საჯაროდ და ნებისმიერს შეუძლია იხილოს დიდებული ინტერიერი. არაევროკავშირელებისთვის ბილეთის ღირებულება დაახლოებით 16 ევროს შეადგენს.

 

ჯაჭვის ხიდი
ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლო – დაკიდული ხიდი, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოდან აკავშირებს ბუდას და პეშტს. მისით დატკბობა სანაპიროდანაც შეგიძლიათ და თბომავლიდანაც, რომლითაც გასეირნებას დაახლოებით 11 ევრო უნდა.

 

ტრამვაი №2
საქალაქო ტრანსპორტი, რომელიც ღირსშესანიშნაობაც გახდა და სამიმოხილვო ექსკურსიის ალტერნატივაც. ის პეშტის მხრიდან დუნაის ნაპირს მიუყვება და სწრაფად და იაფად ნახავთ ბუდას ყველაზე ნიშნურ ადგილებს.

 

სეჩენის აბანოები
ევროპის ყველაზე დიდი აბანო კომპლექსი, უნგრელების ნამდვილი სიამაყე. ჯადოსნური ადგილი 11 აუზითა და 3 საუნათი. ყველაზე პოპულარულია ღია აუზები თერმული წყლით (ზამთარშიც კი ტემპერატურა +27-38°С-ია). მუშაობს 6:00-დან 19:00 საათამდე. ფასი დაახლოებით 15 ევრო გამოდის.

 

გელერტის აბანოები
თუ სეჩენი ყველაზე პოპულარულია, გელერტი ყველაზე ლამაზია: მოზაიკის ფერადი ვიტრაჟებისა და მარმარილოს ქანდაკებების გარემოცვაში გეგონებათ, რომ ზღაპრულ სასახლეში ბანაობთ. სამუშაო საათები: 6:00-20:00 სთ. შესვლის ფასი 16 ევრომდეა.

 

პალატინუსის აბანოები
თუ წინა ორი კარგად არის გაპიარებული, ეს ძირითადად ადგილობრივებმა იციან. ამიტომ აქ უფრო ცოტა ხალხია დ ფასიც ნაკლებია – დაახლოებით 9 ევრო. თან ღია თერმული აუზები ნაკლები სულაც არ არის, მით უმეტეს აქ არის წყლის მთები და საბავშვო მოედანი.

 

წმინდა სტეფანის ბაზილიკა
ბუდაპეშტის ყველაზე დიდი ტაძარი, რომელიც ყურადღებას იპყრობს განუმეორებელი არქიტექტურით და გუმბათით, საიდანაც ბუდაზე არნახული ხედია. თუმცა ზემოთ მოხვედრა მარტივი არ არის – ხრახნულ კიბეს უნდა აუყვეთ.

 

ფეხსაცმელი სანაპიროზე
მემორიალი დუნაის სანაპიროზე. 60 წყვილი ბრინჯაოს ფეხსაცმელი – ქალების, მამაკაცების და ბავშვებისაც კი – იმაზე გახსენებს, თუ როგორ დახვრიტეს აქ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა ოჯახები. ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ძეგლია მსოფლიოში.

 

 

ბუდაპეშტის მუზეუმები

დედაქალაქის ძირითად მუზეუმებს შორისაა უნგრეთის ნაციონალური მუზეუმი (ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპოზიციებია, დაწყებული უძველესი დროიდან დამთავრებული მეოცე საუკუნის მეორე ნახევრით), სამხატვრო მუზეუმი, ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი და საბუნებისმეტყველო ისტორიის ნაციონალური მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ასევე ბელვაროშის სამრევლო, ხოლო ბუდას მთაზე სამეფო კომპლექსზე უკვე ვისაუბრეთ. როგორც წესი, მუზეუმები ღიაა 10:00-დან 18:00 საათამდე. ორშაბათის დასვენების დღეა. დაკეტვამდე ნახევარი საათით ადრე შესვლა წყდება. დიდ მუზეუმებში ექსკურსიები ტარდება უცხო ენებზე.

სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა საპარიკმახერო ხელოვნებისადმი მიძღვნილი მუზეუმი – Fodraszmuzeum – სადაც 2 ათასზე მეტი ნივთია წარმოდგენილი.

ასევე აღნიშვნის ღირსია ტერორის მუზეუმი, რომელიც ადვილი მისახვედრია ტოტალიტარული რეჟიმის ტრაგიკულ პერიოდს ასახავს. შესვლა თავისუფალია.

მუზეუმი Miniversum
უჩვეულო მუზეუმი მხოლოდ 2014 წელს გაიხსნა. აქ ნახავთ მთელ უნგრეთს, ავსტრიას და გერმანიის ნაწილს, ოღონდ მინიატურებში. ექსპოზიციის დიდი ნაწილი ინტერაქტიულია. ასე რომ, შეგიძლიათ თავად გაუშვათ მატარებელი, ვერტმფრენი ან აამუშაოთ წისქვილი. ბილეთი დაახლოებით 6 ევრო ღირს.

 

რა ვნახოთ ბუდაპეშტის სიახლოვეს

თუ უნგრეთის სასახლეების ნახვა კიდევ გინდათ, ქალაქგარეთ გადით. გიოდელეში (Gödöllő) (30 კმ დედაქალაქიდან, მარტივია საქალაქთაშორისო მატარებლით მისვლა) ასევე არის სამეფო სასახლე (მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი).

სენტენდრეში (Szentendre) (20 კმ ბუდაპეშტიდან) ნახავთ მე-18 საუკუნის უამრავ ორიგინალურ ტაძარს, ღვინის, მარციპანის, კერამიკის მუზეუმებს, ასევე გამოჩენილი უნგრელი მხატვრების მუზეუმებს.

სავალდებულოთა შორისაა კოხტა ქალაქ ვაცის (უნგრეთის ბაროკოს მარგალიტი) მონახულება.

ვიშეგრადში (Visegrád) ნახავთ შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებს და კარგად შემონახულ შალამონის საგუშაგო კოშკს.

 

სეკეშფეხერვარი Székesfehérvár
მანძილი: 64 კმ

ქვეყნის უძველესი ქალაქი, სადაც საუკუნეების განმავლობაში აკურთხებდნენ და ასაფლავებდნენ უნგრეთის მეფეებს. ღირსშესანიშნაობები კომპაქტურად ეტევა კარგად შემონახულ ძველ ქალაქში.

ვესპრემი Veszprém
მანძილი: 121 კმ

მომხიბვლელი ქალაქი მდიდარი ისტორიით – აქ დაარსდა პირველი ეპისკოპატი და აქ არის წმინდა მიქაელის ტაძარი, სადაც უნგრეთის მეფეების კორონაცია მიმდინარეობდა.

 

ბალატონის ტბა Balaton
მანძილი: 135 კმ

ზღვაზე გასასვლელის არარსებობის კომპენსირებას ბალატონი ახდენს, რომელსაც ოპტიმისტებმა „უნგრეთის ზღვა“ უწოდეს, სკეპტიკოსებმა კი მცირე სიღრმის გამო „ცენტრალური ევროპის დიდი მდელო“. ბალატონი ძალიან თვალწარმტაცია. ტბის ერთ მხარეს ფეშტეტის ციხესიმაგრე მდებარეობს, ხოლო ტიჰანის ნახევარკუნძულზე ბენედიქტიანელების სააბატო. ტბის რაიონშია მრავალრიცხოვანი თერმული და მინერალური წყაროები. ასევე უნდა აღვნიშნოთ კესტჰეი – უძველესი ქალაქი ტბაზე, სადაც თავმოყრილია ყველაზე მეტი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა.

 

პეჩი Pecs
მანძილი: 209 კმ

ამ პატარა ქალაქში გასაოცრად ბევრი ღირსშესანიშნაობაა – ძველქრისტიანული სამარხი, კათოლიკური ტაძრებით და თურქული მეჩეთებით დაწყებული თანამედროვე ხელოვნების გალერეებით, ღია ცის ქვეშ ფოტოგამოფენებითა და ქვიშრობული საბადოთი დამთავრებული.

 

დიორი Győr
მანძილი: 122 კმ

მყუდრო ძველი ქალაქი, რომლის ცენტრი სავსეა ლამაზი ეკლესიებით, სასახლეებით და უბრალოდ სიმპატიური სახლებით. ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: საკათედრო ტაძარი, ეპისკოპოსის ციხესიმაგრე, სეჩენის მთავარი მოედნის ანსამბლი.

 

ეგერი Eger
მანძილი: 137 კმ

პატარა ქალაქი ლამაზი არქიტექტურით. რად ღირს მარტო მისი ბაროკოს სასახლეები და ტაძრები, თურქული მინარეთი დასათვალიერებელი მოედნით და ნეოკლასიციზმის სტილის ბაზილიკა.

 

აგტელეკის ეროვნული პარკი aggteleki nemzeti park
მანძილი: 233 კმ

ეს ნაკრძალი დიდი ხანია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა. პარკი განთქმულია თვალწარმტაცი მდელოებით, წიფლის ტყით და ძველი მღვიმეების ლაბირინთით, რომლითაც თეორიულად შესაძლებელია უნგრეთიდან სლოვაკეთში მოხვედრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები