დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის 7 დღე და სასაფლაოებზე გასვლა უნდა გადანაწილდეს“. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, რომ საფლავზე ხალხმრავლობისგან და სუფრის გაშლისგან თავი შეიკავონ.
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება, ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები
„არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან 1-2 ადამიანი გავიდეთ, ავანთოთ სანთელი… იქნება შეზღუდული, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება იმ არასასიამოვნო ტრადიციებზე, რაც გვაქვს. ამ დროს ეს გახლავთ ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორი… სოფელში სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, იმას არავინ აუკრძალავს, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს მას, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეულია თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცვას, რომ პრევენცია იყოს ამ დიდი შეკრებების… თავი შევიკავოთ ორშაბათ-სამშაბათს, ამ ორ დღეს, იმიტომ, რომ ბრწყინვალე შვიდეული ტყუილად არ არის შვიდი დღე. ყველა ვცდილობდით, გავსულიყავით ორშაბათ-სამშაბათს სასაფლაოებზე, ხომ შეიძლება ეს გადანაწილდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.