ბრიუსელში სუპერმარკეტების თვითმომსახურების სალაროებს დამატებითი გადასახადი დააკისრეს. ჩინოვნიკთა აზრით, აპარატები არამხოლოდ ადამიანებს ართმევენ სამსახურს, არამედ მარტოხელა ასაკოვან მოქალაქეებს სოციალიზაციაში უშლიან ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას vrt.be ავრცელებს.
დამატებითი გადასახადი – თითო აპარატზე 5,6 ათასი ევრო იქნება. სავაჭრო ობიექტებს ამ თანხის გადახდა ყოველწლიურად მოუწევთ.
პანდემიის გამო ევროპაში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს. ევროკავშირიც აქტიურად მუშაობს, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს.
ევროპულ ქვეყნებში გაჩნდა უამრავი პროექტი, რომელიც მარტოხელების დახმარებას ცდილობს. მაგალითად, ნიდერლანდების მაღაზიებში გამოიყო სალაროები იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაჩერება და საუბარი სურს.