ფესტივალ „ევროპალია საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიუსელში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-მდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართება. კამპანიის ფარგლებში ბელგიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ბანერები განთავსდა. ავტობუსები და ტრამვაი საქართველოს სარეკლამო ფოტოებით გაფორმდა. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ლედეკრანები დამონტაჟდა.
ბელგიაში მიმდინარე კამპანიის მიზანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება, ტურისტული პროდუქტების წარდგენა და უცხოელ ტურისტთა მოზიდვა.
ფესტივალ „ევროპალია საქართველოს“ სტუმრებს საშუალება აქვთ გაიცნონ საქართველოს როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნება. მიმდინარეობს ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრში „ბოზარი“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ წარმოდგენებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს.