ახალშობილების მშობლებს ხშირად უწევთ ნერვიულობა, როგორ შეეგუება უმცროსი ბავშვი უფროს და-ძმებს, თუმცა ეს პრობლემა არ ეხება ბრიტანელ ცოლ-ქმარს ნოელ და სიუ რედფორდებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ მეცხრამეტე შვილი შეეძინათ. პირველსა და ბოლოს გაჩენილ შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 27 წელია. 41 წლის სიუ არ გამორიცხავს, რომ მეოცე ბავშვიც გააჩინოს.
ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამდენი შვილის მშობლები სახლში სხედან და სოციალური დახმარებით ცხოვრობენ, თუმცა რედფორდების ოჯახი სახელმწიფოსგან ერთ ცენტსაც არ იღებენ. ამის ნაცვლად, მათ საკმაოდ წარმატებული საოჯახო ბიზნესი აქვთ – საცხობი, რომელიც აწარმოებს უგემრიელეს ნამცხვრებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პირველი ბავშვი სიუს 14 წლისას ეყოლა. იმის მიუხედავად, რომ ამ ასაკში სექსი დიდ ბრიტანეთში კანონით ისჯება და სამედიცინო თვალსაზრისითაც, 14 წლის მოზარდისთვის ბავშვის გაჩენა სარისკოა, წყვილმა გადაწყვიტა, ბავში შეენარჩუნებინა.
11 წლის წინ რედფორდებმა შეიძინეს დიდი სახლი 240 ათას ფუნტად, სახლი შშმ პირებისთვის ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში ააშენეს. ფართი საკმარისია იმისთვის, რომ დიდი ოჯახი თავისუფლად განთავსდეს.
ნოელი ყოველ დილას 5 საათზე დგება და საცხობში მიდის, სახლში დღის 11 საათზე ბრუნდება. მას მუშაობაში უმცროსი ბავშვები ეხმარებიან. მისი ცოლი, სიუ სახლში რჩება და უმცროს შვილებს უვლის. მას დღეში 9-ჯერ უხდება სარეცხი მანქანის ჩართვა.
ბედნიერი მშობლები ამბობენ, რომ მრავალშვილიანი ოჯახის მართვა არ არის რთული, რადგან უფროსი შვილები უმცროსების მოვლაში ეხმარებიან. ამასთან, სიუ და ნოელი უკვე ბებია და პაპა არიან – მათ 22 წლის ქალიშვილს, სოფის ცოტა ხნის წინ მესამე შვილი შეეძინა.