LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: მარიუპოლში ჩეჩნებს კადიროვის ბიძაშვილი მეთაურობდა, რაც რუსეთის ჯარის პრობლემებზე მეტყველებს

150
კადიროვი და მისი ბიძაშვილი

„ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ბიძაშვილი, ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში ჩეჩენი მებრძოლების საველე მეთაური იყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის არმიას პრობლემები აქვს“, – ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა Twitter-ზე იტყობინება.

უკრაინული მედიის ცნობით, როგორც „სკაუტები“ აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ათ კვირაზე დიდ ხნის განმავლობაში მარიუპოლს ალყას არტყამდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯიუტმა წინააღმდეგობამ მათ საშუალება არ მისცა, დაეკავებინათ საკვანძო ქალაქი და ამასთან, რუსეთს სერიოზული საკადრო ზარალი მიადგა.

„უკრაინის წინააღმდეგობის დაძლევის მცდელობისას, რუსეთმა საგრძნობლად გამოიყენა დამხმარე პერსონალი. ეს მოიცავს ჩეჩნური ძალების განლაგებას, რომელიც სავარაუდოდ შედგება რამდენიმე ათასი მებრძოლისგან, კონცენტრირებული ძირითადად მარიუპოლისა და ლუგანსკის მიმართულებით“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში.

მათივე ცნობით, ეს ძალები შედგება როგორც ინდივიდუალური მოხალისეებისგან, ასევე ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებისგან, რომლებიც დაკავებულნი არიან ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამაზან კადიროვის ძალაუფლების უზრუნველსაყოფად. დაზვერვის სააგენტო ვარაუდობს, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, პირადად აკონტროლებდა მათ განლაგებას და რომ მისი ბიძაშვილი, ადამ დელიმხანოვი, სავარაუდოდ, მარიუპოლში ჩეჩენი მებრძოლების საველე მეთაური იყო.

„ასეთი განსხვავებული პერსონალის საბრძოლო ყოფნა მეტყველებს რუსეთის რესურსების მნიშვნელოვან პრობლემებზე უკრაინაში და, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ფრაგმენტული სარდლობის შექმნას, რომელიც აგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას.“– ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ ჩეჩენ მებრძოლებს მარიუპოლის აღდგენის „კურატორები“ გახადონ. მისი თქმით, რუსები მათ ქალაქის პორტზე კონტროლს მიანიჭებენ და „ძარცვის უფლებას“ მისცემენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 2500-მდე „კადიროველი“ მონაწილეობდა. მათგან დაახლოებით 100 დაიღუპა, 300 დაიჭრა, 60-ზე მეტი გაიქცა უკრაინიდან, დატოვა იარაღი და საბრძოლო მასალა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთში ომისთვის კადიროველების რეკრუტირება შეჩერდა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დაზვერვამ ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ აყვანილი თითქმის 2500 მებრძოლის პირადი მონაცემები გამოაქვეყნა.