LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: „კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი თბილისთან ახლოს დააკავეს – ახალი დანაშაულისთვის მათ დამატებით 6-იდან 8 წლამდე პატიმრობა დაეკისრებათ“

162
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცველებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს.

ბრეგაძის თქმით, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი. მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

ზაზა ზარანდია: დავადგენთ როგორ გაიქცნენ პატიმრები, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით. ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები, გარკვეული დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს.

ჯერჯერობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი, კოლეგა უწყებასთან ერთად.

ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით.

მათ დამატებით დაეკისრებათ 6-იდან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ სასამართლო იმსჯელებს. ეს  ჩვენი კომპეტენცია აღარ არის“. – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინფორმაციისთვის, გუშინ „ავერსის“ კლინიკაში სამედიცინო კვლევისთვის გადაყვანილი 3 პატიმარი გაიქცა. გუშინვე, გაქცეული პატიმრების საქმეზე ბადრაგი დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები