LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს კომპენსაციის ჩარიცხვის ვადა დეკემბრის ბოლომდე განესაზღვრა

77
რატი ბრეგაძე

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძეს უსმენენ. მინისტრი დეპუტატების წინაშე უწყების საქმიანობის შემაჯამებელი სიტყვით გამოდის, რის შემდეგაც მას შეკითხვებით მიმართავენ. რატი ბრეგაძე გამოსვლაში აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეხო და თქვა, რომ ე.წ. ომის საქმეში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მისი განცხადებით, სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ მასობრივ დანაშაულებზე პასუხისმგებელია რუსეთი. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სასამართლომ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მინისტრის სიტყვებით, დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა.

მინისტრმა ისაუბრა ასევე საქმეზე -„ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც მისი შეფასებით, რუსეთის მიერ იყო ორკესტრირებული. ამ საქმეზე ევროსასამართლომ საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

„სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს აქტიურად იბომბებოდა ცხინვალის რეგიონი და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ აკონტროლებდნენ ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიას,“ – თქვა მან.

შემდგომი საქმე, რომელზეც მინისტრმა ისაუბრა – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე, რომლის განხილვაც განაახლა ევროსასამართლომ. საქმეში საქართველოს მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთი ყოველდღიურად არღვევს ევროკონვენციის მუხლებს.

ბოლო საქმე, რომელმაც რატი ბრეგაძემ ახსენა, ე.წ. დეპორტირებულების საქმეა.

იმედი მქონდა, რომ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიფიქრე დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი: რატი ბრეგაძე

მინისტრის ინფორმაციით, 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალურ კომპენსაციას, რომლის ჩარიცხვაც რუსეთს დაეკისრა, გადარიცხავს რუსეთი ევროპის საბჭოს ანგარიშზე, ამ მიზნით კი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა მემორანდუმზე, რომლის მიხედვით რუსეთს თანხის ჩარიცხვის ვადად დეკემბრის ბოლო განესაზღვრა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები