ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის – „საფარის“ ხელმძღვანელისა და უფლებადამცველის, ბაია პატარაიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ უწყებაში დასაქმებული ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, თანამშრომლის მიმართ სექსუალური შევიწროების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა.
თავად უწყებაში კი „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ სამინისტროსთვის საკითხისა და ბრალდებების საფუძვლიანი შესწავლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
შესაბამისად, თავდაცვის ძალებმა მომხდარის შედეგად შესწავლილი გენინსპექციის დასკვნით მომჩივნის მიმართვა გაითვალისწინა და დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა.
უფლებადამცველი ბაია პატარაია მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი კარგი ამბავი:
თავდაცვის სამინისტროში ქალი რომ სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა უფროსს, სამსახურიდან გაათავისუფლა სამინისტრომ ის კაცი სწორედ სექსუალური შევიწროების გამო!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! ნუ მოითმენთ, ქალებო. იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის და ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ.“– წერს ბაია პატარაია Facebook-ზე.
აღნიშნულ თემაზე „ფორტუნას“ შეკითხვის საპასუხოდ, თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია დაგვიდასტურა და მოგვიანებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, უწყების გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, უწყების ცნობით, საქმე შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს.
„სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ, მომზადდა შესაბამისი დასკვნა ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზედაც დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას.
სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ.
გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „საფარიმ“ თავდაცვის სამინისტოში სავარაუდოდ მომხდარი სექსუალური შევიწროების ფაქტებზე გენინსპექციას 9 სექტემბერს მიმართა.