საქართველოს რაგბის კავშირმა „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ინტერვიუ გაავრცელა, რომელშიც ის საქართველოს ნაკრების იტალიელებთან გასამართ შეხვედრაზე საუბრობს.
„ამდენი ტრავმების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ბევრი იტყვის, რომ ჩვენ იტალიასთან სათამაშოდ აუტსაიდერის რანგში ჩავდივართ და ეს ალბათ სიმართლეა. მეორე საკითხია, რომ აუტსაიდერის როლში ყოფნა ქართველებისთვის ფიზიკური და განსაკუთრებით მენტალური კუთხით ზედგამოჭრილია. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მტრის შემოტევასთან გამკლავება უწევდა. ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს – ქართველები ერთ დღეს ვენახს უვლიდნენ, ხოლო მეორე დღეს კი სამშობლოს დაცვა უწევდათ. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. მსმენია ფრანგი მოგზაურის, ჯაკ დე ვილემონის შესახებ, რომელიც მე-16 საუკუნეში იერუსალემში გადაყრია ქართველებს. მისი გაოცება გამოიწვია იმან, რომ თუ ქართველი არ იბრძოდა, ის უხასიათოდ იყო, ხოლო თუ მას ხმალამოღებულს უწევდა ხალხის და მიწის დაცვა, თითქოს ბუნებრივად ბედნიერი ხდებოდა. ამ ამბიდან გამომდინარე, ფრაზა – „ბრძოლაში ბედნიერი“ ძალიან გვიხდება და მომავალი მატჩის მიმდინარეობისას გაგვაძლიერებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს გამონათქვამი ჩვენს მენტალობას უხდება, რადგან როდესაც კუთხეში მიგვამწყვევენ და რაღაც ჩვენთვის ძვირფასისათვის ვიბრძვით, სწორედ ამ დროს ვხდებით ძლიერები და ბედნიერები. ჩვენთვის ეს არც დაბრკოლებაა და არც პრობლემა, მე ამას ჩვენ უპირატესობას ვთვლი. აი, მოედანზე რომ გავალთ და ბრძოლა დაიწყება, მაშინ ვიქნებით ყველაზე ბედნიერები“, – ამბობს ჰეიგი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს, ფლორენციაში, არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
შემდეგ კი, 17 და 24 ნოემბერს, თბილისში სამოას და ტონგას ვერკინებით.