LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრალი ვაღიარე“: გურამ დონაძე საპროცესო შეთანხმებით თავისუფალია

341
გურამ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, 15 აპრილს გათავისუფლდა.

„გამოძიებასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე, წარდგენილი ბრალი ვაღიარე და თავი დამნაშავედ ვცანი, ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ვცანი უდაოდ. ჩემი განცხადებისა და თხოვნის საფუძველზე, რომლითაც პროკურატურას მივმართე, საპროცესო შეთანხმება გამიფორმდა. სასჯელის სახით წელიწადი და 9 თვე განმესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლითა და 3 თვის ვადით ამეკრძალა. 1 წლისა და 4 თვის გასვლის შემდეგ, ამნისტია შემეხო, რომელიც 2012 წელს გამოცხადდა. გავიაზრე ჩემ მიერ განხორციელებული ქმედების შინაარსი და ბოდიშს ვუხდი ყველას, თუკი, ჩემი დაუფიქრებლობით მათ ტკივილი მივაყენე“, – განაცხადა გურამ დონაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს: ოქრუაშვილი

"თუ ვინმეს ჰგონია რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ პრობლემებიდან, ძალიან ცდება“.

გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დონაძისგან ითხოვს, სიმართლე საჯაროდ აღიაროს.

„მე დონაძისგან ვითხოვ, ტელევიზიით აღიაროს ყველაფერი და სიმართლე თქვას. მინდა, საჯაროდ გამოვიდეს და ილაპარაკოს როგორ იტყუებოდა მთელი წლები, ცხრა წელიწადი სასამართლოზე ტყუილებით სისხლი რომ გამიშრო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას გავაკეთებინებ აუცილებლად“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

თავად დონაძე მედიასთან ურთიერთობას უახლოესი დღეების განმავლობაში არ აპირებს.

შეგახსენებთ, 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს წერეთლის გამზირზე, საპატრულო პოლიციამ მეგობრებთან ერთად დააკავა. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები