„ბრალდებული ანატოლი ბერძენიშვილი სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დუმილს დაარღვევს და ისაუბრებს, თუ როგორ შემოვიდა საქართველოში ახმედ ჩატაევი,“ – ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ბრალდებულ ბერძენიშვილის ადვოკატმა, ინგა ბოლოთაურმა განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე გრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
„დღეს დავკითხავთ, ჩვენ მიერ მოწვეულ ექსპერტს და, ასევე, დაიკითხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ანატოლი ბერძენიშვილი, რომელიც მისცემს სასამართლოს ჩვენებას. როგორც იცით, ანატოლი ბერძენიშვილი გამოძიების ეტაპზე იყენებდა დუმილის უფლებას, დღეს ამ უფლებას არღვევს და სასამართლოს მისცემს ჩვენებას, სადაც გამოკვეთს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სისხლის სამართლის საქმეში არ ყოფილა გამოკვლეული და ბევრ, საინტერესო საკითხს ნათელს მოჰფენს ანატოლი ბერძენიშვილი,“ – განაცხადა ბოლოთაურმა.
კითხვაზე, ბრალდებული ისაუბრებს თუ არა კონკრეტულად ჩატაევის საქართველოში შემოსვლის თაობაზე, ადვოკატი პასუხობს, რომ „ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.“
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ანატოლი ბერძენიშვილის მიმართ არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, თუნდაც ცრუ მოწმე, რომლის მიხედვითაც ანატოლი ბერძენიშვილის დანაშაული დამტკიცდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე პროცესი ამ წუთებში იწყება.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა ანტიტერორისტული ოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსისა და პანკისის ხეობაში 2017 წლის 21-22 ნოემბერსა და 26 დეკემბერს ჩაატარა. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული იქნა ახმედ ჩატაევის დაჯგუფების ორი წევრი, თავად ჩატაევმა კი თავი აიფეთქა.
რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციას, სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. კიდევ ორი პირი ანატოლი ბერძენიშვილი და ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით დააკავა. ყველა მათგანს გამოძიება ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას და რესურსებით უზრუნველყოფას ედავება.