LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოსტონის ჰოსპიტალში ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებს ნაზალური ვაქცინით აცრიან

106
news454555

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში მდებარე ბრიგემის სახელობის ქალთა საავადმყოფო ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებზე ნაზალური ვაქცინის გამოცდას იწყებს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამერიკული მედიის ინფორმაციით , აცრები კლინიკური კვლევის ფარგლებში ჩატარდება, რომლის მიზანიც იქნება იმაში დარწმუნება, რომ ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო ცხვირის სპეციალური სპრეი ეფექტური და უსაფრთხოა. პრეპარატის დანიშნულება სწორედ იმ ნეიროდეგენერაციული დარღვევის თავიდან აცილება და მისი განვითარების შეფერხებაა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას იწვევს. მის შექმნაზე მეცნიერები დაახლოებით 2 ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ და როგორც იქნა, მათი გამოგონება ტესტირების ეტაპზე გადავიდა.

იმ შემთხვევაში, თუ ნაზალური სპრეის გამოყენების შედეგები კარგი იქნება, ის ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზის მქონე ადამიანების მკურნალობის ახალ მეთოდად იქცევა და დაავადების პრევენციაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. როგორც ოფიციალურ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, ნაზალური სპრეივაქცინა სპეციალურ ნივთიერებას, პროტოლინს შეიცავს, რომელიც ბაქტერიული ცილებისაგან შედგება და ადამიანის იმუნურ სისტემას ასტიმულირებს. პროტოლინის სამიზნე ტვინში არსებული ბეტა ამილოიდების ჯგუფია, რომელთა ჭარბი რაოდენობაც ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა.

კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის, პროფესორ თანუჯა ჩითნესის განცხადებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში მეცნიერებს არაერთი მტკიცებულება დაუგროვდათ იმაზე, რომ ბეტა ამილოიდების რიცხვის შემცირებაში იმუნური სისტემა მთავარ როლს ასრულებს. ეს ვაქცინა კი მის ამ თვისებას უფრო გააძლიერებს. პროფესორი დასძენს იმასაც, რომ აღნიშნული მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა მეცნიერებას გზა არა მხოლოდ ალცჰაიმერის, არამედ სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობისკენაც გაუხსნა.

როგორც ცნობილი ხდება, ნაზალური სპრეის კლინიკურ კვლევაში 60-დან 85 წლამდე ასაკის 16 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ადრეული, სიმპტომური ალცჰაიმერის დაავადება აქვთ, თუმცა სხვა დაავადებები არ აწუხებთ . კვლევის პირველადი შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ გახდება ცნობილი.