ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტები სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის არის ცეცხლის კერების შეკავება, პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება:
„რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის არის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება.
102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი.
ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაც არის აღჭურვილი“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.