„ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორი ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან გამართული აქციის შემდეგ მსვლელობით ქარხნის ტერიტორიისკენ გადაინაცვლეს.
მათი განცხადებით, სურდათ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მოესმინათ პასუხი მიმართვაზე, აპირებენ თუ არა უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლებისთვის კომუნალური გადასახადებთან დაკავშირებით შეღავათების გაკეთებას. ამ მოთხოვნით მათ ადგილობრივ ხელისუფლებას ორი კვირის წინ მიმართეს. ისინი ასევე შუამდგომლობას სთხოვდნენ ბანკებთან, ვინაიდან თანამშრომელთა ნაწილს ბანკის სესხი აქვს.
გაფიცულ თანამშრომლებს მუნიციპალიტეტიდან არავინ გამოეხმაურა. როგორც მათი უფლებების დამცველი პროფკავშირული ორგანიზაცია „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, მომავალ კვირაში აქციები თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებს, მათი პრობლემებისადმი ყურადღების მიქცევის მოლოდინით.