ბორჯღალოსნები 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასისთვის მზადებას განაგრძობენ და 18-დღიან შეკრებაზე თურქეთში, ანთალიაში გაემგზავრნენ.
პირველი შეკრების შემდეგ, რომელიც დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებმა და რამდენიმე ლეგიონერმა გაიარა, გაფართოებულ შემადგენლობას ოთხი მოთამაშე გამოაკლდა – ლაშა ტაბიძე, საბა შუბითიძე, ბექა ბიწაძე და რევაზ ჯინჭველაშვილი.
დანარჩენი მოთამაშეები ანთალიაში 22 ივლისს გაემგზავრნენ და იქ 9 აგვისტომდე დარჩებიან. მწვრთნელები და მორაგბეები უმაღლესი დონის სპორტულ ბაზაზე არსებული პირობებით კმაყოფილნი არიან და ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნაკრებს მოსამზადებლად მსგავს პირობები აქამდე არასდროს ჰქონია.[related_news id=”224318″ align=”right”]
მზადება ინტენსიურია და ბორჯღალოსნებს დღეში რამდენიმე ვარჯიში აქვთ, შუალედებში კი ვიდეო-განხილვები ტარდება. პირველი ეტაპის შემდეგ, კმაყოფილები არიან ფიზმომზადების სპეციალისტები. მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ჩვენი გუნდი წლევანდელ მსოფლიო თასზე 20%-ით უკეთ იქნება მომზადებული, ვიდრე 2015 წლის მსოფლიო თასზე იყო.
თურქეთში ბორჯღალოსნებს ახალ ზელანდიელი ფიზ.მომზადების სპეციალისტი ფილ ჰილი შეუერთდა, რომელსაც ზურგს 16-წლიანი გამოცდილება უმაგრებს და „ჩიფსთან“ ერთად ორჯერ გახდა ზე-რაგბის ჩემპიონი. მას ერთი სეზონი შოტლანდიურ „გლაზგოშიც“ (2017-2018 წლები) უმუშავია, ბოლოს კი ზე-რაგბის კიდევ ერთ ფრანჩაიზში, „ბლუსში“ მუშაობდა. მსოფლიო თასის დასრულებამდე ის საქართველოს ნაკრების ფიზ.მომზადების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.