LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელი – მნიშვნელოვანია, მთავრობამ და ოპოზიციამ, დეესკალაციას და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის შესრულებას ერთად შეუწყოს ხელი

62
1

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილს, საპასუხო მიმართვით პასუხობს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს მიმართავენ

ბორელის წერილს პარტია “ლელო” ავრცელებს.

მიმართვაში ბორელი აღნიშნავს, რომ შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას თავადაც იზიარებს. 

მისივე განცხადებით, ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ, დეესკალაციასა და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის შესრულებას ერთად შეუწყოს ხელი:

“ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ბოლო პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით 9 დეკემბრის წერილისთვის. ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას შეფერხებულ სასამართლო და საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით, რაც არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების არსი.

ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება საუკეთესო შანსად საქართველოს დემოკრატიისა და მდგრადობის შენებაში ხელშესახები პროგრესის მისაღწევად და დამაზარალებელი პოლარიზაციის დასასრულებლად, რომელიც ამჟამად აზარალებს ქართულ პოლიტიკურ სისტემას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მართლმსაჯულებასა და დემოკრატიულ რეფორმებს. იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად შეუწყონ ხელი დეესკალაციასა და რეფორმების კონსტრუქციული დღის წესრიგის შესრულებას.

როგორც 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ხაზგასმული, ჩვენი თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე კვლავ განისაზღვრება სხვა ასპექტებთან ერთად რეფორმების ტემპითა და ხარისხით. ევროკავშირის პირობითობისა და სტიმულირების მიდგომა (“მეტი მეტისთვის” და “ნაკლები ნაკლებისთვის” გააგრძელებს უფრო მეტი სარგებლის მოტანას იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რეფორმების განხორციელების ერთგული არიან. ეს იყო ასევე ევროკავშირის მკაფიო გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და მისი მოსახლეობის სასარგებლოდ”, – წერია ჟოზეფ ბორელის მიმართვაში.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესახებ შეახსენონ. მათ ერთობლივი განცხადებით, შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს 9 დეკემბერს მიმართეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელს მიმართავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები