„მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან. უკრაინელები იბომბებიან რაკეტებითა და იარაღით, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას“, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ნიუ-იორკში, გენერალური ასამბლეის სესიის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, მან ასევე თქვა, რომ გასულ წელს ყურადღება გამახვილებული იყო ავღანეთზე, ხოლო წელს განხილვის უმთავრესი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესია და მსოფლიოსთვის ომით გამოწვეული შედეგები იქნება.
„მხოლოდ უკრაინა არ იტანჯება ამ ომისგან. უკრაინელები იბომბებიან რაკეტებით და იარაღით, დანარჩენი მსოფლიო კი განიცდის ფასების მატებას ენერგიაზე და სასურსათო დაუცველობას და შედეგად განიცდიან ეკონომიკურ პრობლემებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი გავლენას ახდენს ყველაზე დედამიწაზე. ის არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ის ყველას გვეხება და სწორედ ამის ახსნას ვეცდებით აქ, ნიუ-იორკში“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, უკრაინის დაცვით, ყველას მხრიდან, ნიუ-იორკში ხელმოწერილი იმ პრინციპების დაცვა ხორციელდება, როგორიცაა ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.
„ჩვენ გავაგრძელებთ აზიაში, აფრიკაში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში იმის ახსნას, თუ ვინ არის რეალური დამნაშავე მზარდ არასტაბილურობაში, ენერგიის და სასურსათო კრიზისში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ უკრაინიდან გამოტანილი მარცვლეული არ მიეწოდება იმ ქვეყნებს, რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის მესამედი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებს მიეწოდება. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ სურსათისა და სასუქების საერთაშორისო მიმწოდებლებს რუსეთთან თანამშრომლობა არ სურთ.
„მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი სანქციები მიმართულია რუსეთის ომის ეკონომიკის წინააღმდეგ და არა სურსათის ან სოფლის მეურნეობის წინააღმდეგ.
მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის სასუქებით ვაჭრობაზე სანქციებს არავინ აწესებს, მაგრამ ბევრ ოპერატორს არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება.
ეს მათი არჩევანია. არა იმიტომ, რომ სანქციები დაწესდა, არამედ იმ რეჟიმთან ბიზნესის კეთების გაურკვევლობის გამო, რომელიც კლავს და იტაცებს მეზობელი ქვეყნების მშვიდობიან მოქალაქეებს. “– განაცხადა ბორელმა.