LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Booking.com-ზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

104

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, Booking.com-ზე, ოკუპირებული აფხაზეთის, ცალკე ქვეყნად მოხსენიებასა და ძებნაზე, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ის წლებია მუშაობს კომპანია Booking.com – თან, რის შედეგადაც  ვებგვერდის 40-მდე სხვადასხვა ენოვან ვერსიაში search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა.

„ეს ფუნქცია გასასწორებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენაზე. კომპანიასთან მუშაობის შედეგად, ახლახანს შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებგვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება, და გასწორდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – აცხადებენ უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამავე მიმართულებით კომპანია Airbnb-თანაც მუშაობს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შემთხვევაზე, როცა ამა თუ იმ ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალში. უმეტეს შემთხვევებში ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდებაკომპანიებს, ისინი ასწორებენ  ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებგვერდები“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პორტალი, ოკუპირებულ აფხაზეთს “ნაწილობრივ დამოუკიდებელ ქვეყანას უწოდებს”.

Booking.com-ზე აფხაზეთი ცალკე ქვეყანად იყო გამოყოფილი. სასტუმროს დაჯავშნისას ის საქართველოსთან ერთად აღარ იძებნება.ქართველი მომხმარებლების შეშფოთებას, საიტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მათ პირველ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი ნაწილობრივ დამოუკიდებელი ქვეყანაა. მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, საიტმა პოზიცია შეცვალა.  მათი თქმით, მობილური აპლიკაციის ბოლო განახლებაში, ეს შეცდომა უკვე გასწორებულია და აფხაზეთი საქართველოსთან ერთადაა მოხსენიებული. საიტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამას ყურადღებას მიაქცევს.