LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლოსღა მოგებული კიდევ ერთი თამაში: ლუქსემბურგთან ცვლილებები იქნება

46

1 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მალტა დაამარცხა. მატჩი ავსტრიის ქალაქ შვაცში გაიმართა და ვლადიმირ ვაისის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ძირითადი დრო ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა.
ჩვენებმა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს.

ეროვნულმა ნაკრებმა მალტასთან გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა. ტრავმების გამო ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა. ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის შანსი მიეცათ, მეტოქის ნახევარზე აქტიურად გამოიყურებოდნენ და მოწინააღმდეგის კარს სახიფათოდ უტევდნენ. შეხვედრის მეორე ტაიმში, დროის ოთხ წუთიან მონაკვეთში ვაკო გვილია მსაჯმა ორჯერ გააფრთხილა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

საბოლოოდ, ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი გურამ კაშიამ გოლად აქცია და საქართველოს ნაკრების ზედიზედ მესამე გამარჯვება დააფიქსირა.

 

საქართველო-მალტა 1:0

საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (ხოჭოლავა 68), კაშია, კვერკველია, აბურჯანია (ნავალოვსკი 78), კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90), ლობჟანიძე (ბერიძე 68), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი71), ზივზივაძე (კაჭარავა71), დვალი, გვილია.

სათადარიგო: მაკარიძე, ხარაბაძე.

 

გოლი: კაშია (89-პენ)

გაფრთხილება: გვილია (50, 54) – ზარაფა (49), მიფსუდი (50), ბორგი (88)

გაძევება: გვილია (54)

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

„პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს. 10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100%-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.
მომდევნო მეტოქე უფრო რთულია, თუმცა მალტაც კარგი გუნდია. ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მით უმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება“.

ლუქსემბურგთან მატჩისთვის ნაკრებს კიდევ სამი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძე შეურთდება.

ტრავმების გამო ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბული ვერ დაეხმარება. მათ საკლუბო მატჩების გამო ავსტრიული შეკრება გამოტოვეს, შემდეგ კი ტრავმა მიიღეს.

 

3 ივნისს, საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს დაპირისპირება 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები