LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო სამ წელიწადში, 543 ექიმის პასუხისმგებლობა დადგა, სამედიცინო დაწესებულებებმა კი 3,5 მილიონი ლარის ჯარიმა გადაიხადეს: “ახალგაზრდა ადვოკატების” მონიტორინგის შედეგები

107
Untitled design (4)

➤  რა რეაგირება ხდება სამედიცინო სფეროში კლინიკებისა და ექიმების მიმართ პაციენტის დარღვეული უფლებების და პრეტენზიების დროს;

➤  რამდენი კლინიკის და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა არასწორი მომსახურების გამო;

➤  როგორ მუშაობდა სისტემა პანდემიის პერიოდში

“ახალგაზრდა ადვოკატებმა” სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში, პაციენტის უფლებების ინტერესიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგები წარადგინა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში, 543 ექიმის პასუხისმგებლობა დადგა, სამედიცინო დაწესებულებებმა კი 3,465.100 ლარის ჯარიმა გადაიხადეს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ეს მონაცემები სფეროში არსებულ ვითარებას, თავისი გამოწვევებით, კრიტიკულს და საგანგაშოს ხდის.

“ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტის,ლიზი ზუხბაიას განცხადებით, ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რეგისტრირებული საჩივრებისა და სავარაუდო გადაცდომების დადგენა, სანქციების გამოყენების სტატისტიკის შესწავლა, სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობისა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიების სამართლებრივი რეაგირების ხარისხის დადგენა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა.

ორგანიზაციის შესწავლა განაპირობა იმ არაერთი მომართვის ინტერესმა, რომელიც სამართლებრივ დახმარებას მოითხოვს კონკრეტული ექიმისა თუ სამედიცინო დაწესებულების არასწორი კონსულტაციის გამო. ამასთან, განსაკუთრებული პრეტენზიები მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდა პანდემიის პერიოდში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ცალკეულ ფატალურ შედეგებსა და გახმაურებულ ფაქტებს”, – აღნიშნულია მონიტორინგის შედეგებში.

“ახალგაზრდა ადვოკატების” შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2022-2019 წლებში, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე მითითებით, სულ რეგისტრირებული იქნა 3 764 განცხადება.

“აქედან, 800 საკითხი შეეხებოდა პაციენტისთვის გაწეული დახმარების ხარისხს. საქმის შესწავლა დასრულდა 1 543 საკითხთან მიმართებით, 2 221 საკითხთან დაკავშირებით კი – მოკვლევა ისევ გრძელდება.

დგინდება, რომ სულ შედგა 2 136 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც შესაბამისი განხილვისთვის გადაიგზავნა სასამართლო წესით. აქედან, 1 496 ადმინისტრაციული ოქმი ეხებოდა “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევას. დგინდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სულ დაჯარიმდა 1 281 პირი, ხოლო 437 პირს მიეცა შენიშვნა.

მიღებული ინფორმაციით დგინდება, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ბოლო 3 წელიწადში, სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულმა თანხამ 3,465 100 ლარი შეადგინა”, – აღნიშნულია ანგარიშში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, “ახალგაზრდა ადვოკატები” ცალკე ყურადღებას უთმობს იმ პრეტენზიების დადგენას, რომელიც შეეხება პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას არაჯეროვანი ან არასწორი სამედიცინო მომსახურების მიმართულებით:

“დგინდება, რომ ბოლო 3 წელიწადში, მოქალაქეების მხრიდან 595 ექიმის მიმართ რეგისტრირდა საჩივარი, 543 ექიმის მიმართ გამოტანილი იქნა პასუხისმგებლობის დაკისრების გადაწყვეტილება. აქედან – 439 ექიმს მიეცა “წერილობითი გაფრთხილება”, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 94 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა – 10 ექიმს, ხოლო 45 ექიმს არ დაკისრებია პასუხისმგებლობა. არსებული სტატისტიკური მონაცემები, წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:

◾ 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, განხილული იქნა 56 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 51 ექიმს. აქედან 43 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 4 ექიმს, სერტიფიკატი გაუუქმდა – 4 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 5 ექიმს, ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება გადაიდო 3 შემთხვევაში;

◾ 2021 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 183 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 154 ექიმს. აქედან 125 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 29 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 22 ექიმს, ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაკისრება გადაიდო/არ იქნა განხილული 7 შემთხვევაში;

◾ 2020 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 140 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 134 ექიმს. აქედან 110 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 24 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 6 ექიმს;

• 2019 წლის მდგომარეობით, განხილული იქნა 216 ექიმის შემთხვევა, სადაც პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების პრეტენზია არსებობდა. პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – 204 ექიმს. აქედან 161 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა – 37 ექიმს, სერტიფიკატი გაუუქმდა – 6 ექიმს, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა – 12 ექიმს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ახალგაზრდა ადვოკატები” ასევე დაინტერესდა, თუ რამდენმა სამედიცინო დაწესებულებამ მიმართა საქმიანობის განხორციელებისთვის ლიცენზიის მისაღებად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რამდენ კლინიკას ეთქვა უარი და რა მიზეზით:

“დგინდება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/საქმიანობის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად წარდგენილი იქნა 77 განაცხადი. აქედან 17 დაწესებულებას ეთქვა უარი.

ყველა შემთხვევაში, უარის თქმის საფუძველი გახდა კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დაუკმაყოფილებლობა. ამასთან, შესწავლის პროცესში დასმულ კითხვაზე: “სამედიცინო საქმიანობის” სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ახორციელებს თუ არა ზედამხედველობას სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის აპრილის მდგომარეობით, სააგენტოს გამოუვლენია თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა და რა რეაგირება მოჰყოლია აღნიშნულ ფაქტს”, – აღინიშნა, რომ ასეთი ზედამხედველობა ხორციელდება, თუმცა გამოვლინდა თუ არა, ან/და რა რეაგირება მოჰყვა სამედიცინო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის დარღვევას, პასუხგაუცემელი დარჩა”, – აღნიშნულია “ახალგაზრდა ადვოკატების” ანგარიშში.