LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო ორ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით ოჯახი გამოასახლეს” – იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაცია

190
მევახშეებისგან დაზარალებულები

იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაციამ დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ბრიფინგი გამართა.

მათი ინფორმაციით, “პანდემიის პიკის კლების შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაახლა საცხოვრებელი ფართებიდან ადამიანების გამოსახლების პროცესი.  მხოლოდ ბოლო ორ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით გამოსახლების პროცესი ჩატარდა.

„სამწუხაროდ, ხშირად აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები უკანასკნელ საცხოვრისს იმ ადამიანებს ატოვებინებენ, რომლებსაც ბინა მევახშეებისა და კერძო იპოთეკარების მიერ თაღლითური გზებითა და მაქინაციებით აქვთ დაკარგული.

სამწუხაროდ, გამოსახლების პროცესში, ხშირად ხდება დაპირისპირება დაზარალებულებს, მათ ახლობლებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის. დაზარალებულები კვლავ ცდილობენ, საკუთარ საცხოვრებელ ფართებში შესვლას, რასაც შეჭრის კვალიფიკაცია აქვს და აღნიშნული მიზეზით ხდება მათი დაკავება. სამართალდამცველმა სტრუქტურებმა აღნიშნული მიზეზით უკვე დააკავა რამდენიმე პირი.

„იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაცია“ და მისი იურისტები, პირველ რიგში მზად არიან სრულიად უფასო დახმარება გაუწიონ მევახშეებისგან დაზარალებულ მოქალაქეებს; აღსრულების პროცესამდე ჩაერთონ და წარმართონ მოლაპარაკებები დაზარალებულს მევახშესა და სახელმწიფოს შორის; ითაონ ერთგვარი მოდერატორისა და მომრიგებლის როლი და ბოლოს, ჩვენი იურისტები მზად არიან იურიდიული დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც გამოსახლების პროცესის შეწინააღმდეგების შედეგად სამართალდამცველებმა დააკავეს.

იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაცია მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკებს და კრძალავს ადამიანის გამოსახლებას საცხოვრებელი ფართიდან თუ ეს მისი უკანასკნელი საცხოვრისია. კანონის მიღებამდე კი არასამთავრობო მოუწოდებს სახელმწიფოს შეაჩეროს ბინებიდან გამოსახლების პროცესი“.- განაცხადა „იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაციის“ მთავარი იურისტი ნანო ცხადაია.