პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს „იარაღის შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.
ცვლილებების პროექტის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული ნორმები და პასუხისმგებლობა მკაცრდება.
კანონპროექტი პრინციპების დონეზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა:
„დღეის მდგომარეობით, ცივი იარაღის ტარება დასჯადია როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის წესით: თუ პირი ცივ იარაღს ატარებს, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია 200-ლარიანი ჯარიმა, განმეორების შემთხვევაში 1 000 ლარიანი ჯარიმა ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და მხოლოდ მესამე ჯერზე არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების 53 % ცივი იარაღით არის ჩადენილი. საკმაოდ მძიმე სტატისტიკა გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ცვლილებების მიხედვით, საკანონმდებლო რეგულაციის გამკაცრების შედეგად, ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება და არ იქნება მითითებული განმეორებადობა. ასევე ნორმას დაემატება ცივი იარაღის კონფისკაცია.