ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შსს-მ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქვემო ქართლის პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 5 შეკვრა „ჰეროინი“. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში 1998 წელს დაბადებული პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 275,77 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს,” – განაცხადა ჭელიძემ.