”ბოლო თვის განმავლობაში, ზოგადად, ქვეყანაში ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება. დადებითობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მგრძნობიარე ინდიკატორი”, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
”იანვარში დადებითობის მაჩვენებელი 8.5 % გვაქვს, მაშინ როცა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, 25-30 % იყო. იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი არის 6.6, ბოლო 7 დღის განმავლობაში – 5.5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით”.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდში თავისუფალი ადგილების რაოდენობა, რეანიმაციებში ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე რესპირატორებზე, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა.
”არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 1 %. ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა. აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და 1-ლი თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც ჩამოგითვალეთ. სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე”. – განმარტა, გამყრელიძემ.