LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერიას ჰოსპიტალმა თანამშრომელს, რომელიც ანტივაქსერულ განცხადებებს აკეთებდა, სასამართლოში უჩივლა

127
ბოკერიას კლინიკა

ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა ყოფილ მედძმას, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ანტივაქსერული ვიდეო-მიმართვას გაავრცელა, სასამართლოში უჩივლა. კლინიკაში მიიჩნევენ, რომ თანამშრომლის ანტივაქსერული განცხადებები, რეპუტაციული ზიანის მომტანი და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.

საკითხის შესწავლის მიზნით, სამედიცინო ცენტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს, რადგან, მათი შეფასებით, გავრცელებულ ვიდეოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტი იკვეთება.

კლინიკის განცხადებით, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი უკვე წელიწადზე მეტია, კოვიდინფექციის მართვაშია ჩართული და მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად 24-საათიან რეჟიმში იბრძვის.

„ჰოსპიტალი, რომელიც პერსონალისა და პაციენტების ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის დაცვის მიზნით, აქტიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, ყველა ანტივაქსერულ კამპანიას კატეგორიულად ემიჯნება, მით უმეტეს, თუ მსგავსი აქტივობა მედპერსონალის მხრიდან ხორციელდება,“ – აცხადებენ ბოკერიას სახელობის კლინიკაში.

მათივე თქმით, ამით დამსაქმებლის რეპუტაციის/იმიჯის დაკნინება მოხდა და იმ კოლეგების ღირსება შეილახა, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ გამართლებულ გზად ვაქცინაციას მიიჩნევენ.

ამასთანავე, კლინიკის შეფასებით, აღნიშნულმა პირმა ვიდეო მიმართვა კომპანიის სახელისა და ლოგოს გამოყენებით გაავრცელა, რამაც ცრუ წარმოდგენა შექმნა, რომ დასაქმებულის მიერ კომპანიის პოზიცია გაჟღერდა. მათივე თქმით, ეს პერსონალის, პაციენტებისა და მესამე პირთა შეცდომაში შეყვანას წარმოადგენს.

„ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული პირის განცხადებაში არსებული მცდარი და მიზანმიმართულად დამახინჯებული ფაქტების სიცრუედ და ცილისწამებად აღიარება არის მოთხოვნილი.

ვაცნობიერებთ სამედიცინო დაწესებულებების როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში და მივიჩნევთ, რომ მოსახლეობაში სანდოობას ვაქცინაციისადმი სწორედ მედპერსონალი ამაღლებს.

ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად, სწორედ იმუნიზაციაა გამართლებული და ერთადერთი ეფექტიანი გზა პანდემიის შესაჩერებლად. აღსანიშნია, რომ ბოლო სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7 % აცრილი არ იყო,“ – აცხადებენ კლინიკაში.

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ  28 ივლისს, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედძმა სოციალურ ქსელში ანტივაქსერული ვიდეო-მიმართვის გავრცელების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები