LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ: ხოშტარია

51
1

“არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებასა და კეთილდღეობაზე მომართული”, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ არც განიხილავენ და არც აპირებენ “ქართული ოცნების” დღის წესრიგით ყოფნას.

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

ხოშტარიას თქმით, მმართველი გუნდის განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე – გააჩინოს უიმედობა და უმოქმედობის განწყობა მოსახლეობაში.

მისივე თქმით, ემზადებიან დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და “ქართულმა ოცნებამ” რაც უნდა მოიგონოს, შეთხზას, ხელი მოაწეროს, შემდეგ კი უკან წაიღოს, მათი ბრძოლა არის და ბოლომდე იქნება პრინციპული:

“მეც შევუერთდები იმ ბრძოლის შემართებას, რომელიც მე და ნიკას გვაქვს და კიდევ უფრო ძლიერია გუშინდელი განცხადების შემდეგ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე, რომ გააჩინოს უიმედობა და რაღაც უმოქმედობის განწყობა ჩვენს მოსახლეობაში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და რომ “ქართული ოცნება” ყველაფერზე წამსვლელია. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მიშელის შეთანხმების პირველი დღიდან, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ამ შეთანხმებას არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ “ქართული ოცნება” პატივს სცემს შეთანხმებებს, ჩვენი პარტნიორების, ოპოზიციის, ან საზოგადოების პოზიციას.

ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, ეს იყო პირველი, რომ მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ისინი შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ, 43%-ის მოპოვებასაც კი. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, მათი მოგონილია ეს ციფრი, ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე.” – თქვა ხოშტარიამ.

გავალთ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ "ოცნებას", იძულებული იქნება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს: მელია

"გუშინ"ქართულმა ოცნებამ" დატოვა დასავლური სივრცე და, პრაქტიკულად, აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი", - თქვა ნიკა მელიამ.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, მომავალი არჩევნები და ზოგადად არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე და შესაბამისად, ყველამ, პოლიტიკოსებმაც და მოქალაქეებმაც ამ გამოწვევაზე ერთად უნდა უპასუხონ, რომ საქართველო არ იქნება პრორუსული:

“რაც გუშინ ჩვენ “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა და 5 ივლისის შემდეგ, ამას მიზანმიმართულად, მუდმივად გვახვევენ თავზე, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე და ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განწყობების, მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება არაფერს წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა, გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე.

შესაბამისად, ჩვენ ყველამ, პოლიტიკოსებმა და თქვენ, მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ – არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ, ცემენ, კლავენ ქუჩაში, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, არ არის საქართველო, სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ზოგადად, ვცხოვრობთ, შიშში, სიძულვილში და ნგრევაში.

მე და ნიკა, და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ და საერთოდ არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მომართული”, – თქვა ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები