LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოჰემური რაფსოდიის“ ბრჭყვიალა პრემიერა თბილისში (ფოტოგალერეა)

153

„ბოჰემური რაფსოდიის“ მსოფლიო პრემიერას საქართველოც შეუერთდა. „კავეა“-ში, რომელიც „თბილისი გალერეაში“ მდებარეობს, ჟურნალისტები და ცნობილი სახეები დახურულ ჩვენებაზე კინოთეატრმა რადიოსადგურებთან „ფორტუნა“ და „ფორტუნა+“ მიიწვია. პრემიერა ნამდვილ მუსიკალურ დღესასწაულად იქცა. სპეციალურად გაფორმებული ბანერი, ფრედი მერკურის ცნობილი ჩაცმულობა, რომლის მორებაც ფოტოკამერების წინ ყველას შეეძლო, სასმელები და ტკბილეული, დიჯეი პაატა დათუნაშვილი, რომელიც „ქუინის“ სიმღერების რემიქსებს გვთავაზობდა, შესანიშნავ აურას ქმნიდა და ფილმის ყურებამდე დადებითად მუხტავდა მიწვეულ სტუმრებს.

საღამოს ოფიციალური ნაწილი რეზო კაკულიასა და თათა სადრაძეს მიჰყავდათ. მათ სცენაზე 1991 წელს „ქუინის“ შესახებ გამოსული წიგნის „საოცარი ქუინის“ ავტორები, გიორგი და შალვა კოკოჩაშვილები მიიწვიეს, რომლებმაც კითხვა დასვეს და თავიანთი წიგნი გააჩუქეს. პრიზები ასევე დააწესეს: „ისი პარიმ“, „შოკოლატერეა არტეზანმა“, „Armani Exchange“-მა, კინოთეატრმა „კავეამ“, ბოულინგცენტრმა „ბალრუმი“, მუსიკის სახლმა და „მარშალმა“. „ქუინის“ ისტორიიდან დასმულ სხვადასხვა კითხვაზე მსურვლელები სიამოვნებით პასუხობდნენ.

პრემიერის კულმინაცია „აზატოს“ მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფრედი  მერკურის გამოსახულებიანი ტორტი გახდა, რომელიც სერგი გვარჯალაძემ გაჭრა და პირველი ნაჭერიც მას ერგო. სერგიმ გაიხსენა, როგორ ცდილობდნენ „ქუინის“ გამოსვლის ჩვენებას „მეორე არხზე“…

ღონისძიების პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ დარბაზებში გადავინაცვლეთ, სადაც „ბოჰემური რაფსოდიის“ ორ საათზე მეტხანს გაგრძელებული კინოჩვენებით ვისიამოვნეთ. ფილმი, შეიძლება ითქვას, ერთი დიდი კლიპია, არ აქვს მნიშვნელობა, ქუინომანი ხართ თუ უბრალოდ, მუსიკა გიყვართ, შეუძლებელია, ამ კინოსურათით კმაყოფილი არ დარჩეთ.

პრემიერის შემდეგ იქ მყოფ საზოგადოებას გავესაუბრეთ და შთაბეჭდილებების შესახებ ვკითხეთ:

თამარ ჩიგოგიძე, „ფორტუნა ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი:

ნამდვილად გაამართლა ჩემი მოლოდინი, საოცარი მუხტი მოდიოდა ფილმიდან. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდობა უნდა მოვიდეს და ნახოს, რა ისტორია აქვს ამ საოცარ ჯგუფს. იმის მიუხედავად, რომ „ფორტუნაზე“ ხშირად ტრიალებს „ქუინის“ სიმღერები, ბევრმა არ იცის, რა მასშტაბის ანსამბლი იყო. ვისურვებდი, რომ ჩემი შვილის თაობამ აუცილებლად ნახოს ეს ფილმი.

სხვათა შორის, რადიო „ფორტუნა“ 20 წლის წინ სწორედ „ქუინის“ სიმღერით გაიხსნა.

პრემიერით, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, კმაყოფილი ვარ და მომავალშიც სიამოვნებით ჩავერთვებით მუსიკალური ფილმების პრემიერებში (იღიმის).

შალვა კოკოჩაშვილი:

სანამ ბოლომდე არ მორჩა, ვერ ავდექი სკამიდან, ტიტრებსაც ბოლომდე ვუყურე. გენიალური ფილმია, არ ველოდი. ყველაფერი კარგად არის ნაჩვენები. მთავარია, რომ ჩანს, როგორი უნიკალური ჯგუფია „ქუინი“. ეს ფილმი აჩვენებს ახალგაზრდებს, როგორ უნდა იცხოვრონ. ვფიქრობ, იქნება „ოსკარის“ ნომინანტი.

გიორგი კოკოჩაშვილი:

დიდი მადლობა „ფორტუნას“ და „ფორტუნა+“-ს, რადგან პრემიერაზე დასწრების საშუალება მომცეს. რომ არა ისინი, ალბათ, დიდხანს ვერ ვნახავდი ამ ფილმს. კრიტიკული თვალით ვუყურებდი, იყო რამდენიმე დეტალი, რამდენიმე ფაქტი არეული გახლდათ და ზოგი რამ – გამოტოვებული, მაგრამ იდეალურად ვერავინ გადაიღებდა. რაც გააკეთეს, ეს ძალიან კარგია. პირადად ჩემი საყვარელი ფილმი „ქუინი ბუდაპეშტშია“, რომელიც სადღაც 55-ჯერ მაქვს ნანახი, თუმცა ეს დოკუმენტური კინოსურათი გახლავთ. „ბოჰემური რაფსოდია“ ვფიქრობ, გახდება პოპულარული და იქნება თუ არა ქუინომანების საყვარელი ფილმი, ამას დრო გვაჩვენებს (იღიმის).

ხატია შამუგია:

ძალიან ემოციური კინოჩვენება იყო. 12 წლის განმავლობაში „ქუინს“ „ფორტუნაზე“ ყოველდღიურად ვუშვებდი. ფრედი მეკური ლეგენდაა, მაგრამ მისი სენტიმენტალური მხარეების შესახებ არ ვიცოდი. კიდევ ერთხელ მიხვხვდი, რომ ყველა გენიოსი სადღაც მაინც მარტოსულია. ძალიან განვიცადე, რადგან ტრაგიკული პიროვნება ყოფილა. ასეთი ფილმი ჯორჯ მაიკლზე რომ გადაიღონ, ალბათ, დარბაზიდან გამომასვენებენ. რომ დავინახო, როგორი მარტოსულია და როგორ ტირის ჩემი ჯორჯ მაიკლი, შეიძლება, მართლა გარდავიცვალო. მგონია, რომ რემი მალიკს დაასახელებენ „ოსკარის“ პრეტენდენტად. ჩემთვის, როგორც მოყვარული მაყურებლისთვის, ძალიან მაგრად ითამაშა.

ოთო ნემსაძე:

ფილმი რომ დასრულდა, ტაში დავუკარი, რადგან მართლა ძალიან მომეწონა. ბევრი რამ ალბათ ფილმში ვერ ჩაეტია. თუკი ზედმეტად გადაჭარბებულ შედარებად არ ჩამითვლით, მეც მიმღერია სტადიონზე და ის 10 წუთი 20 წელიწადს მერჩივნა. მომეწონა, რომ პირად ცხოვრებაზე ნაკლებად იყო ხაზი გასმული და უფრო მეტად მუსიკალური კარიერის შეჯამება იყო. ეს პრობლემა მუსიკოსებს აქვთ, მათი პირადი ცხოვრება ხშირად უფრო საინტერესოა, ვიდრე შემოქმედება. თუმცა ფრედი მერკური ის ადამიანი და მუსიკოსია, რომელმაც შეძლო, რომ თავისი არანაკლებ საინტერესო პირადი ცხოვრება თავისი მუსიკით დაჩრდილა (იღიმის). ალბათ, ოდესმე ქართველებსაც გვექნება ერთხელ მაინც შესაძლებლობა, გვყავდეს ისეთი მუსიკოსი, რომელიც ასეთ წარმატებას მიაღწევს.

ნუცა ბუზალაძე:

„დიდი მადლობა „ფორტუნას“, რომ ჩემი ამ პრემიერაზე მოწვევა გადაწყვიტა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ალბათ, მომღერალი ამ კადრებს სხვანაირად უყურებს და გრძნობს. ემოციურად ვარ განწყობილი, მთელი ფილმის განმავლობაში მინდოდა ტირილი. მართლაც საოცარი ფილმი გამოვიდა.

ირაკლი ვახტანგიშვილი:

ძალიან მომეწონა. ბავშვობიდან ქუინომანი. შიშით ვუყურებდი ამ ფილმის გამოსვლას, მაგრამ რემი მალიკი მანიაკია, ძალიან კარგად ითამაშა. რაღაც მომენტში მავიწყდებოდა, რომ ფილმი იყო და მეგონა, რომ კლიპს ვუყურებდი ან ნაწყვეტს კონცერტიდან. ყველას ვურჩევ ამ ფილმის ნახვას, თუნდაც არ უყვარდეთ „ქუინი“. მუსიკა ვისაც უყვარს, ეს ფილმი უნდა ნახოს.

 

ფოტოები დათუნა აგასი, ლერი ზაქაიძე

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები