საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, “ღია ბანკინგის” განვითარების პროგრამა BOG Fintech-ის მხარდაჭერით, ტექნოპარკში DevFest თბილისი გაიმართა. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ღონისძიება ათასობით ადამიანს აერთიანებს, რადგან DevFest არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს ერთი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება, დასწრებოდნენ საინტერესო სემინარებს და პრაქტიკულ CodeLab-ებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მდე ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელმა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, IBM, Microsoft.
„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. ამ სფეროს წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდნენ ძლიერი ტექნიკური უნარების მქონე სპეციალისტები და მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოშიც იმართება, რაც ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა Google, IBM და Microsoft. საქართველოს ბანკი ღონისძიების პარტნიორია და ზრუნავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფინტექ სფეროში გამოყენების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
დევფესტს ორგანიზებას უწევდა თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი (GDG თბილისი) კომპანია Google-თან და BOG Fintech-თან პარტნიორობით.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox – მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის სენდბოქსში ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.